ქართული ლეგიონის მწირი უქმეები - ლოჩოშვილი ახალმა მწვრთნელმა ათამაშა, ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე გამოჩნდა, ესპანეთში მოხევიშვილმა გაიტანა #1TVSPORT
ქართული ლეგიონის მწირი უქმეები - ლოჩოშვილი ახალმა მწვრთნელმა ათამაშა, ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე გამოჩნდა, ესპანეთში მოხევიშვილმა გაიტანა #1TVSPORT

გერმანიის II ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე” „ფიურტს“ ესტუმრა და 3:4 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 69-ე წუთიდან გამოჩნდა.

იტალიის სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” ახალ მწვრთნელის, ჯოვანი სტროპას ხელმძღვანელობით პირველი მატჩი სახლში „ასკოლისთან” გამართა და ფრედ ითამაშა – 2:2. ქართველმა მცველმა 90 წუთი გაატარა მინდორზე და 6.8 ქულა მიიღო.

ივა გელაშვილს არ უთამაშია „სპეციაში”, რომელიც საკუთარ მოედანზე „რეჯანასთან” 1:2 დამარცხდა.

ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი” სტუმრად „ლიდსთან“ 0:3 დამარცხდა. ქართველ შემტევი მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა და ბოლო წუთზე გატანა შეეძლო. მან მცველი ჩამოიცილა და კარში დაარტყა, მაგრამ „ლიდსის” მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ შინ „ელდენსე“ 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა 73-ე წუთიდან ითამაშა. სეგუნდა RFEF-ში კი „ესპანიოლი B“-სთან ლადო მოხევიშვილის „ალსირამ“ 2:1 მოიგო. 85-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ავსტრიაში, „ვოლფსბერგერის“ რიგებში „ტიროლის“ წინააღმდეგ 70-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა სანდრო ალთუნაშვილი. მისმა გუნდმა 3:2 მოიგო.

უკრაინის პრემიერლიგაში დონეცკის „შახტარმა“ „რუხის“ წინააღმდეგ კვლავ ქართველი ფლანგის მცველებით ითამაშა. გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი მოედანზე ბოლომდე იყვნენ, მატჩი კი 1:1 დასრულდა.