ქართული ლეგიონის მატჩები - დავითაშვილის „ბორდოსა“ და მიქაუტაძის „მეცის“ ბრძოლა გადამწყვეტ სტადიაშია #1TVSPORT
ქართული ლეგიონის მატჩები - დავითაშვილის „ბორდოსა“ და მიქაუტაძის „მეცის“ ბრძოლა გადამწყვეტ სტადიაშია #1TVSPORT

20 მაისს ქართველ გულშემატკივრებს ლეგიონერების მონაწილეობით სამი საკლუბო მატჩის ხილვის საშუალება ექნებათ. თამაშებს პირდაპირ ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ.

სლოვაკეთის ჩემპიონატში გურამ კაშიას, ჯაბა კანკავასა და გიორგი ჩაკვეტაძის ბრატისლავას „სლოვანი“ „პოდბრეზოვას“ უმასპინძლებს, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. სატურნირო კუთხით ბრატისლაველებისთვის ამ შეხვედრას პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონი უკვე გახდა.

მთავარი და ყველაზე საინტერესო დაპირისპირებები საფრანგეთის ლიგა 2-ში გაიმართება, სადაც ქართველების გუნდები (ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან) უმნიშვნელოვანეს შეხვედრებს გამართავენ.

16:45 საათზე ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „ლავალს“ უმასპინძლებს. გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ „გენგამს“ ესტუმრება, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. ეს გუნდები საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვიან. სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „ბორდო“ 66 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „მეცი“ (65) – მესამეზე.

პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა შესაძლებელია ეროვნული ნაკრების ვებგვერდზე – nakrebi.ge.