ქართული ლეგიონის გოლები [ვიდეო]

ქართველმა ლეგიონერებმა შედეგიანობით თავი ისევ გამოიჩინეს. ნიკა კვეკვესკირისა და ჯაბა კანკავას „ტობოლმა“ „ატირაუ“ საკუთარ არენაზე 3:2 დაამარცხა, კანკავამ კი ყაზახეთის პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

კვეკვესკირი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა. საქართველოს ნაკრების 31 წლის კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი 67-ე წუთზე აიღო – ამ დროს ანგარიში 2:2 იყო და კანკავამ გუნდს სამი ქულა მოუტანა. ჯაბას თავიდან გოლს არ უთვლიდნენ, მაგრამ ლაინსმენებთან მოთათბირების შემდეგ, მთავარმა არბიტრმა მოედნის ცენტრისკენ მიუთითა.

ასევე პირველი გოლი გაიტანა დონეცკის „შახტარში“ დათა ხოჭოლავამ. უკრაინის პრემიერლიგის 26-ე ტურში 24 წლის მცველმა გასვლაზე როვნოს „ვერესთან“ 90 წუთი ითამაშა, 78-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი „ვერესის“ კარში ახლო მანძილიდან დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – დონეცკელებმა 2:0 გაიმარჯვეს. 63 ქულით „შახტარი“ პირველ ადგილზეა და კონკურენტ კიევის „დინამოს“ ექვსი ქულით უსწრებს.

ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში ვენის „რაპიდმა“ „ალიანზშტადიონზე“ აუტსაიდერი „სენტ–პოლტენი“ 2:1 დაამარცხა. ვენელთა თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ მეექვსე წუთზე პენალტით ანგარიში გახსნა და მიმდინარე სეზონში მეცხრე გოლი გაიტანა – შვიდი ბუნდესლიგაში, ხოლო ორი – ავსტრიის თასზე. „რაპიდი“ 49 ქულით მესამე ადგილზეა და ევროპის ლიგაზე მოხვედრის რეალური კანდიდატია.

ლუკა ზარანდია კიდევ ერთი ლამაზი გოლის ავტორი გახდა. პოლონეთის ექსტრაკლასას 30-ე ტურში მისი გუნდი, გდინიას „არკა“ გდანსკში „ლეხიას“ ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. თუმცა, ქართველის გოლს ესეც ვერ გააუფერულებს, რომელიც ზარანდიამ 67-ე წუთზე გაიტანა. 22 წლის ზარანდია ფლანგზე მცველებს გაცდა და „ლეხიას“ მეკარეს ძალიან რთული პოზიციიდან გაუტანა.