ქართული ლეგიონის გოლები, გაძევება და ოქროები (ვიდეო)
ქართული ლეგიონის გოლები, გაძევება და ოქროები (ვიდეო)

მიმდინარე შაბათ-კვირა რამდენიმე ქართელი ფეხბურთელისთვის გამორჩეული აღმოჩნდა. სამმა ჩვენებურმა დუბლი შეასრულა, გვყავს ახალი ჩემპიონები და წარმატებულები.

სამი ქართული დუბლი
დავიწყოთ დანიით, სადაც სუპერლიგის პლეი–აუტის საპასუხო მატჩში “რანდერსმა” საშინაო არენაზე “ჰელსინგორი” 2:1 დაამარცხა – რადგან პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, „რანდერში“ პლეი–აუტის ფინალში გავიდა და მათე ვაწაძისა და დავით სხირტლაძის “სილკებორგის” მძლეველ “ლუნგბიუს” შეხვდება. „რანდერსის“ წარმატება საბა ლობჟანიძის დამსახურებაა – 23 წლის ქართველმა 88 წუთი ითამაშა და ორივე გოლი მან გაიტანა. განმსაკუთრებით ეფექტური გამარჯვების მომტანი მეორე გოლი იყო.

ყაზახეთის პრემიერლიგის 10–ე ტურში “ჟეტისუმ” “ორდაბასი” 4:2 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში ორივე გოლი ჯაბა ჯიღაურის ანგარიშზეა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა და 78–ე და 93–ე წუთზე დუბლი შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგაზე გასულები
მესამე დუბლი ირაკლი ძარიამ შეასრულა: ალბანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში, “კუკესიმ“ შინ “ლუფტეტარის“ შეხვდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად ქულაც ჰყოფნიდა. საბოლოოდ, მატჩი 2:2 დასრულდა და სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „კუკეშმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გაინაღდა. ძარიას გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ ჩემპიონ “სკენდერბეუს“ უეფამ ევროტურნირებზე გამოსვლა 10 წლით აუკრძალა და ეს უფლება “კუკეშმა” მოიპოვა. 28 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა და ორივე გოლი მის ანგარიშზეა – ირაკლიმ თავისიანები მე-12 წუთზე დაააწინაურა, 36-ეზე კი მეტოქის კარი მეორედ აიღო და რეალურად, გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოუპოვა. ამავე დროს, ძარია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

რუსულ პრემიერლიგაში პირველი ადგილი და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში საბა კვირკველიას „ლოკომოტივმაც“ გაინაღდა. 30-ე ტურში, გუნდი ტულაში“არსენალთან“ 0:2 დამარცხდა, კვირკველია კი 86-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს, რადგან გოლის გატანა ხელით მოინდომა.

უკრაინის თასის შემდეგ, დავით ხოჭოლავას დონეცკის “შახტარი“ უკრაინის ჩემპიონატის ოქროს მედლებსაც დაეუფლა. 31-ე ტურში დონბასელებმა შინ 1:0 “ვერესს“ სძლიეს, 75 ქულა დააგროვეს და კიევის “დინამოს“ ხუთი ქულით გაუსწრეს. ხოჭოლავა სათადარიგოებში იყო.

სლოვაკეთის ჩემპიონობა ვახტანგ ჭანტურიშვილის ტრნავის “სპარტაკმა“ ფინიშამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა. თუმცა, ზეიმის და ქეიფის შემდეგ გუნდი ბოლოსწინა ტურში “ჟილინასთან“ მატჩს ზერელედ მოეკიდა და 0:6 განადგურა – 24 ქართველმა შეუცველლად ითამაშა.

მცირე ჩემპიონი
გიორგი მჭედლიშვილის „გორიცა“ კი ხორვატიის პირველი დივიზიონის ჩემპიონია და მთავარ ლიგაში დაწინაურდა. 32-ე ტურში, გუნდმა “შიბენიკთან” 1:1 დაასრულა, 62 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე კონკურენტისთვის მიუწვდომელი გახდა. “სამტრედიას” ყოფილი მცველი ტრადიციულად მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო.

სიმბოლურში
მართალია, კვირკველია რუსულ პრემიერლიგაში ტურში ტულის „არსენალთან“ გააძევეს, ხოლო მისი გუნდი 0:2 დამარცხდა, საქართველოს ნაკრების მცველი გამოცემა „სპორტ-ეკსპრესმა“ წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
საინტერესოა, რომ წლის საუკეთესო მოთამაშეებში კვირკველია მე-14 ადგილზეა – მან 29 მატჩში საშუალოდ 5,97 შეფასება მიიღო.