ქართული ლეგიონის გოლები და ტიტულები - პაოკ-ში გორდეზიანმა გაიტანა, გუგეშაშვილი აზერბაიჯანის ჩემპიონია #1TVSPORT
საბერძნეთის სუპერლიგა 2-ში ნიკა ნინუას სალონიკის პაოკ B-მ „თესპროტოსი“ 2:1 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა 82 წუთი ითამაშა. გამარჯვებულთა შორის პირველი გოლი ქართული წარმოშობის ფორვარდმა, ვასილის გორდეზიანმა გაიტანა.
საინტერესოა, რომ საბერძნეთში გაზრდილმა 21 წლის გორდეზიანმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა, საქართველოს სახელით იასპარეზოს. მან 2023 წელს სალონიკის პაოკ-ის მთავარ გუნდშიც ითამაშა და „ვოლოსს“ (3:1) ამხანაგურ მატჩში გოლი გაუტანა.
ყაზახეთის პრემიერლიგაში ყარაღანდის „შახტიორი“ სტუმრად „ატირაუსთან“ 1:2 დამარცხდა. ყარაღანდელთა რიგებში ანტონ თოლორდავა და თემურ ჩოგაძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, თოლორდავამ შეუცვლელად ითამაშა. მე-16 წუთზე ანგარიში თემურ ჩოგაძემ გახსნა, 81-ე წუთზე კი შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ჩოგაძემ ბოლო სამ შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ სტუმრად „საბაილი“ 3:0 დაამარცხა, 87 ქულა დააგროვა, დავით ვოლკოვის „საბაჰისთვის“ (77) მიუწვდომელი გახდა და აზერბაიჯანის ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა.