ქართული ლეგიონის ამბები - ლობჟანიძემ „გალათასარაისთან“ საგოლე გადაცემა ჩაიწერა #1TVSPORT
ქართული ლეგიონის ამბები - ლობჟანიძემ „გალათასარაისთან“ საგოლე გადაცემა ჩაიწერა #1TVSPORT

ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ითამაშეს. ამჯერად თავი საბა ლობჟანიძემ გამოიჩინა, რომელიც ახალ კლუბს ნელ-ნელა ეგუება.

თურქეთის სუპერ ლიგაში ქართველის გუნდი „ქარაგუმრუქი“ „გალათასარაის“ დაუპირისპირდა და გასვლითი შეხვედრა 3:3 დაასრულა. ლობჟანიძე ამჯერადაც „ქარაგუმრუქის“ ძირითად შემადგენლობაში იყო (75 წუთი ითამაშა) და საგოლე გადაცემა შეასრულა – 26-ე წუთზე სტუმრები მისი ასისტით ფაბიო ბონინიმ დააწინაურა.

„ქარაგუმრუქი“ პირველ ტაიმის ბოლო წუთამდე 3:1-ს იგებდა და გამარჯვების მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ლობჟანიძემ კი ახალ გუნდში ზედიზედ მეორედ გამოიჩინა თავი (წინა ტურში გოლი გაიტანა).

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში „სკოპიესთან“ 64-ე წუთიდან ითამაშა „აკადემია პანდევში” მიხეილ ერგემლიძემ – მატჩი 1:1 დასრულდა. გაგი მარგველაშვილი კი „შკუპის“ სათადარიგოებში დარჩა „ტიკვესთან“ გასვლით მატჩში – 0:0.

ბოსნიის პრემიერლიგაში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ. გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ გიორგი ივანიაძეს „ტუზლა“ 1:0 დაამარცხა. გულიაშვილი მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ივანიაძე – 46-ეზე.

პორტუგალიის ჩემპიონატში კვლავ შეუცვლელად ითამაშა აბურჯანიამ „ჟილ ვისენტეში“, რომელიც გასვლაზე „პორტიმონენშესთან“ 1:0 დამარცხდა. მეორე წრეში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ადგილი დაიმკვიდრა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გააჩნია.

პოლონეთის ექსტრაკლასას „ლეხში“ ნიკა კვეკვესკირმა ითამაშა „რადომიაკთან“ გასვლაზე ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში, მაგრამ გიორგი წიტაიშვილი განაცხადშიც არ იყო.