ქართული ლეგიონი - ტრავმირებული საბა საზონოვი „ტორინოს“ განაცხადში მოხვდა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - ტრავმირებული საბა საზონოვი „ტორინოს“ განაცხადში მოხვდა #1TVSPORT

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-9 ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „მაგდებურგს“ დაუზავდა – 1:1. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მხოლოდ 85-ე წუთიდან ითამაშა.

საბა საზონოვის „ტორინო“ ტურინულ დერბიში „იუვენტუსთან“ 0:2 დამარცხდა. წინა ტურში „ვერონასთან“ დაშავებული საზონოვი მოულოდნელად გუნდის განაცხადში მოხვდა. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, მაგრამ საბა ბოლომდე გამოჯანმრთელებული რომ არ არის, ამის შესახებ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ტორინოს“ მწვრთნელმა, ივან იურიჩმა ისაუბრა. ის განაცხადში გამოუვალი მდგომარეობის გამო შეიყვანეს.

„უოტფორდის“ მწვრთნელმა, ვალერიენ ისმაელმა ინგლისის ჩემპიონშიფში „კარდიფთან“ ფრედ (1:1) დასრულებულ გასვლით მატჩში გიორგი ჩაკვეტაძე დაასვენა.

უნგრეთის ჩემპიონატის შეხვედრა „მეზოკოვეშდის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ილია ბერიაშვილმა ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა. ქართველის გუნდმა „ზალაეგერშეგთან“ 1:2 წააგო.

უკრაინის პრემიერლიგაში ლუგანსკის „ზორიასთან“ გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარის“ მატჩი გადაიდო.

საუდის არაბეთის „პრო ლიგაში“ შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ. მისი გუნდი „ალ ახდუდი“ მილინკოვიჩ-სავიჩის, მიტროვიჩისა და მალკოლმის „ალ-ჰილალთან“ 0:3 დამარცხდა. მასპინძელთა მცველებში საუკეთესო შეფასება კვირკველიამ (6,2) მიიღო.