ქართული ლეგიონი - ტაბატაძე გოლით დაბრუნდა, ცხოვრებაშვილმა ლატვიაში საგოლე პასი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ლატვიის ვირსლიგაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. „ლიეპაიამ“ (ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს და მწვრთნელიც ქართველია, თამაზ პერტია) „სუპერ ნოვა“ 2:0 დაამარცხა.

„ლიეპაიას“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ დავით სამურკასოვი (შეუცვლელად ითამაშა) და ნიკა ცხოვრებაშვილი (62-ე წუთზე შეცვალეს), გიორგი კუცია სათადარიგოებში დარჩა, ხოლო ლუკა სანიკიძე განაცხადში არ ყოფილა. პირველი გოლი „ლიეპაიამ“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატის, ნიკა ცხოვრებაშვილის (შეფასება 7,3) გადაცემით გაიტანა. „ლიეპაიამ“ სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა და ევროსაგზური ვერ მოიპოვა.

„მეტაში“ (რფს-ის წინააღმდეგ) მეორე ტაიმი ითამაშა საქართვველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა, ზურაბ რუხაძემ. მისი გუნდი 0:1 დამარცხდა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ პლეი ოფში ითამაშებს.

უზბეკეთის სუპერლიგაში თომა ტაბატაძემ „ნავბახორის“ „ბუნიოდკორთან“ გამარჯვებაში (3:0) თავისი წვლილი შეიტანა. ქართველი თავდამსხმელი მოედანს ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და პირველივე მატჩში გაიტანა, რაც მისთვის სეზონში მერვე გოლია.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ნავბახორი“ მეორე ადგილზეა, ლიდერს, ტაშკენტის „ფახთაქორს“ ოთხი ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.