ქართული ლეგიონი | ქვილითაიამ კვიპროსში გაიტანა, კალანდაძემ ტრავმა მიიღო და ნაადრევად შეცვალეს #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილი ფორმაში შევიდა და შეუცვლელად ითამაშა კრაიოვას „უნივერსიტატეაში“, რომელმაც რუმინეთის სუპერლიგაში „ბოტოშანთან“ გასვლაზე ქულა მოიპოვა – 2:2. გაბრიელ სიგუამ ტრავმა მოირჩინა და „ბაზელში“ 73-ე წუთიდან ითამაშა შვეიცარიის სუპერლიგის გასვლით შეხვედრაში „სენტ გალენთან“, რომელიც 2:2 დასრულდა.
ხორვატიის ჩემპიონატში გიორგი გაგუას „ისტრა“ „სლავენს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0. ქართველი თავდამსხმელი სტუმრების ძირითად შემადგენლობაში იყო, 58 წუთი ითამაშა და საკმაოდ მაღალი, 6.8 ქულა დაიმსახურა.
კვიპროსის სუპერლიგაში გიორგი ქვილითაიას „არისმა“ ლიმასოლის აელ-ს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 76 წუთი ითამაშა, 69-ე წუთზე კი პენალტი გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა.
დანიის სუპერლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ „მიდტიულანდს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ქართველი მოთამაშე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა უიღბლო გამოდგა სანდრო კალანდაძისთვის, რომელიც „ფეჰერვარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „ფერენცვაროშთან“ (1:3) საშინაო შეხვედრაში, მაგრამ დაშავდა და მე-18 წუთზე შეცვალეს – რამდენად სერიოზულია ტრავმა, ჯერ უცნობია.