ქართული ლეგიონი - ქოჩორაშვილი დამარცხებულ „ლევანტეში“ გამოარჩიეს #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - ქოჩორაშვილი დამარცხებულ „ლევანტეში“ გამოარჩიეს #1TVSPORT

პოლონეთის ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ” გასვლაზე ქულა მოიპოვა (1:1) ჩემპიონ „რაკოვთან“. საქართველოს ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.

სლოვაკეთის ჩემპიონატში „სლოვანმა“ გასვლით შეხვედრაში „მიხალოვცე” 2:0 დაამარცხა. ბრატისლაველთა რიგებში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს და საკმაოდ მაღალი შეფასებებიც დაიმსახურეს. იტალიის სერია B-ს მატჩი გამოტოვა ლუკა ლოჩოშვილმა – „კრემონეზემ“ შინ „ლეკო” 1:0 დაამარცხა.

თურქეთის სუპერლიგაში გასვლაზე „ისტანბულსფორთან“ წაგებულ (1:2) შეხვედრაში გიორგი აბურჯანიამ „ჰათაისფორში” 73 წუთი ჩაატარა. თურქეთის I ლიგაში კი გიორგი ბერიძის „ქოჯაელმა“ გასვლაზე „გირესუნი“ 4:1 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა 90-ე წუთი ითამაშა.

19 წლის ნახევარმცველის, საბა თათულაშვილის „სკანსტე“ ლატვიის ვირსლიგაში გადასასვლელ ფლეი აუტში „მეტასთან” დამარცხდა. პირველი შეხვედრა ქართველის გუნდმა 1:6 წააგო, მეორე კი 2:1 მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. თათულაშვილმა 82-ე წუთი ითამაშა.

ნიდერლანდების I დივიზიონში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა, შალვა ოგბაიძემ 68 წუთი ითამაშა „დენ ბოსხში“, რომელიც გასვლაზე „ბრედასთან“ 0:1 დამარცხდა.

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ერთ-ერთ ლიდერთან, „ეიბართან” გასვლაზე 1:3 დამარცხდა, მაგრამ ვალენსიელთა რიგებში საუკეთესო შეფასება (7,2 ქულა) საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მიიღო.