ქართული ლეგიონი - ორი გოლი, ასისტი და მეკარეების მძიმე უქმეები [ვიდეო] #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - ორი გოლი, ასისტი და მეკარეების მძიმე უქმეები [ვიდეო] #1TVSPORT

ქართული ლეგიონისთვის გასული უქმეები არაერთგვაროვანი გამოდგა – საფრანგეთის ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში სადებიუტო მატჩში პირველი ასისტი შეასრულა. ჩვენი ფეხბურთელების ანგარიშზე ევროპაში კიდევ 2 გოლი და 1 პასი ჩაიწერა, მაგრამ მეკარეებისთვის უსიამოვნო კვირა გამოდგა.

გიორგი მამარდაშვილის გარდა, 7 გოლი გაუშვა გიორგი ლორიამაც, რომლის „არიდიპუ“ ლაშა დვალის „აპოელს“ ესტუმრა და 0:7 დამარცხდა. თუმცა, საქართველოს ნაკრების მეკარემ სტუმრები, მინიმუმ, კიდევ 4-ჯერ გოლისგან გადაარჩინა. გატანა დვალსაც შეეძლო, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლა.

საბერძნეთის სუპერლიგაში ლუკა გუგეშაშვილისპანსერაიკოსი“ ლევან შენგელიას „ოფი კრეტასთან“ 2:3 დამარცხდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა 62-ე წუთზე გატანილი გოლი – შეტევა შენგელიამ განავითარა, მისი გადაცემის შემდეგ ბორხა გონსალესმა ახლო კუთხეში გაუტანა ქართველ კიპერს, რომელმაც ამ შეხვედრაში „პანსერაიკოსი“ 7-ჯერ გადაარჩინა. შენგელიამ მასპინძელთა შორის მეორე საუკეთესო შეფასება მიიღო (7,5) და მიმდინარე სეზონში ანგარიშზე მე-7 ასისტი ჩაიწერა (+2 გოლი).

გოლით თავი ორმა ფეხბურთელმა გამოიჩინა. „არისის“ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში „ახნას“ დამარცხებაში (6:1) თავისი წვლილი შეიტანა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა, მატჩის მიწურულს (90+3) კი სეზონში მე-6 ბურთი გაიტანა.

მეორე გოლი ირანის ჩემპიონატში გიორგი გველესიანის ანგარიშზეა – „პერსეპოლისის“ ქართველმა კაპიტანმა ერთ-ერთი ლიდერის, „ტრაქტორის“ კარი 72-ე წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0. საინტერესოა, რომ 45-ე წუთზე „პერსეპოლისი“ 10 მოთამაშით დარჩა და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის გოლმა სტუმრებს თამაშის გადარჩენის იმედი გადაუწურა.