ქართული ლეგიონი - ლაცაბიძემ საგოლე გადაცემა მიითვალა, პაპუნაშვილმა ისევ გაიტანა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - ლაცაბიძემ საგოლე გადაცემა მიითვალა, პაპუნაშვილმა ისევ გაიტანა #1TVSPORT

ოდესის „ჩორნომორეცში“ ლუკა ლაცაბიძემ გიორგი კუციას „ვერესთან“ მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ მისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა 1:2. ქართველებიდან მხოლოდ ლაცაბიძემ ითამაშა (შეუცვლელად), მისი თანაგუნდელი გიორგი რობაქიძე სათადარიგოებში დარჩა. კუცია კი ტრავმის გამო განაცხადში არ იყო.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველისთვის ეს უკრაინის პრემიერლიგაში პირველი საგოლე მოქმედება იყო. ლაცაბიძემ ბურთი საკუთარ ნახევარზე მოიპოვა და შორეული გადაცემით თანაგუნდელი მეტოქის საჯარიმოსთან დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ“ გიორგი ხარაიშვილის „სუმგაითი“ 3:1 დაამარცხა. ვოლკოვს არ უთამაშია, პაპუნაშვილმა 79-ე წუთზე შეცვალეს, ხარაიშვილი კი მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა.

ანგარიში პაპუნაშვილმა გახსნა, რომელიც საჯარიმოში ორ მცველს გასცდა და ზუსტად დაარტყა. 29 წლის შემტევმა სეზონში მე-6 გოლი გაიტანა – ამას გარდა მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.