ქართული ლეგიონი | კვეკვესკირის „ლეხმა“ ლიდერი დაამარცხა, კვირკვიამ და ელოშვილმა საგოლე გადაცემები შეასრულეს #1TVSPORT
ქართული ლეგიონი | კვეკვესკირის „ლეხმა“ ლიდერი დაამარცხა, კვირკვიამ და ელოშვილმა საგოლე გადაცემები შეასრულეს #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ლა ლიგა 2-ის გასვლით მატჩში „ფეროლთან“ ქულა მოიპოვა – 0:0. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი დეკემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გადის, თუმცა არის შანსი, რომ ქოჩორაშვილი ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან დაეხმარება.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ „ქიაფაზი“ (სადაც მათე კვირკვია და გიორგი პაპუნაშვილი თამაშობენ) 3:2 დაამარცხა. ვოლკოვი მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა. სტუმართა რიგებში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა კვირკვიამ. მან და პაპუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

პოლონეთის „ექსტრაკლასაში“ ნიკა კვეკვესკირის „ლეხმა“ სტუმრად ლიდერი „იაგელონია“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მაღალი შეფასება (7.0) დაიმსახურა. ის 64-ე წუთზე შეცვალეს.

პოლონეთის I ლიგაში გიორგი მერებაშვილის „პოდბესკიჯიემ“ „ჟეშუვთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა. მერებაშვილი სამატჩო განაცხადში გახლდათ, მაგრამ არ უთამაშია. ამავე ტურნირზე თორნიკე გაფრინდაშვილის „არკამ“ სტუმრად „პოლონიას“ 3:0 მოუგო. ქართველი შემტევი მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა.

უნგრეთის ჩემპიონატში ილია ბერიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა „მეზოკოვეშდში“, რომელიც შინ „კიშვარდასთან” 1:2 დამარცხდა. დავით კობოურმაც 90 წუთი გაატარა „უიპეშტის“ რიგებში „კეჩკემეტთან“, მისმა გუნდმა 0:1 წააგო.

ავსტრიის ბუნდესლიგის ბინადარი „ვოლფსბერგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო სანდრო ალთუნაშვილი. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა „ტიროლთან“ მოგებულ (4:1) შეხვედრაში 6.9 შეფასება მიიღო და შეუცვლელად ითამაშა. ავსტრიის II ლიგაში კი ლევან ელოშვილმა „გრაცერის“ რიგებში საგოლე გადაცემა შეასრულა, მისმა გუნდმა სტუმრად „ამშტეტთან“ 3:1 მოიგო.