ქართული ლეგიონი | კაშიას „სლოვანი“ ჩემპიონობას მიუახლოვდა - ბერიაშვილი და ძოწენიძე საუკეთესოები იყვნენ #1TVSPORT
უნგრეთის ჩემპიონატში ქართველი მცველების დაპირისპირება გაიმართა – ალექსანდრე კალანდაძის „ფეჰერვარმა“ ილია ბერიაშვილის მტკ მიიღო. მატჩი 1:1 დასრულდა. ბერიაშვილმა გუნდში საუკეთესო შეფასება 7,2 ქულა მიიღო.
„ფერენცვაროშმა“ ნიკა კვეკვესკირის „ნირედიჰაზა“ 7:0 დაამარცხა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს არ უთამაშია.
სლოვაკეთის საჩემპიონო ჯგუფში გურამ კაშიას „სლოვანი“ „ტრნავას“ ესტუმრა და 3:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასება მიიღო – 7,2 ქულა.
ასევე საჩემპიონო ჯგუფში „პოდბრეზოვას“ ესტუმრა ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინა“ და ქულა მოიპოვა – 1:1. ქართველ მცველს არ უთამაშია. ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედამ“ შინ „კოშიცეს“ 3:2 სძლია. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
გასავარდნთა ჯგუფში თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცემ“ „ტრენჩინი“ მიიღო და 3:2 დაამარცხა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მცველებში საუკეთესო შეფასება, 7,1 ქულა მიიღო.
28 ტურის შემდეგ „სლოვანი“ 63 ქულით ლიდერობს და ოთხი ტურით ადრე, ფაქტობრივად, ჩემპიონია, მორიგი ტიტულის გასაფორმებლად 3 ქულა სჭირდება. მეორეზეა „ჟილინა“ (50 ქულა), „დუნაისკა სტრედა“ (42) მეოთხეა, ხოლო გასავარდნებში „მიხალოვცე“ (37) ლიდერია და ლიგაში ადგილი გაინაღდა.