ქართული ლეგიონი | კახი ცხადაძის გუნდი ისევ დაუმარცხებელია - მაისურაძე „პოლესიეს“ შემადგენლობაში დაბრუნდა #1TVSPORT
აზერბაიჯანის პირველ ლიგაში კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა „გაბალამ“ „ქარვანი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და მწვრთნელის გუნდი 16 ტურის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელია, ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული, პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ქარვანს“ 12 ქულით უსწრებს.
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში „ზირამ“ საკუთარ მოედანზე „არაზს“ 2:0 მოუგო. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ დავით ვოლკოვი და გიორგი პაპუნაშვილი, სტუმართა შორის კი რატი არდაზიშვილმა ითამაშა.
უკრაინის პრემიერლიგაში ლვოვის „კარპატი“ საკუთრ მოედანზე შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 1:0. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე შესვენების შემდეგ, 46-ე წუთზე შევიდა.
„ობოლონმა“ გიორგი მაისურაძის ჟიტომირის „პოლესიესთან“ მატჩი ფრედ დაასრულა – 0:0. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარჯვენა მცველი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჟიტომირელთა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და ბოლო ორი მატჩი სასტარტო თერთმეტეულში ჩაატარა.
კვიპროსის სუპერლიგაში ლიმასოლის აელ-მა ზურაბ მუსელიანის „პარალიმნის“ 1:0 სძლია. ქართველი თავდამსხმელი სტუმართა ძირითადში მოხვდა და 77 წუთი ითამაშა. მათე კვირკვიას „კარმიოტისამ“ სტუმრად „ანორთოსისი“ 2:1 დაამარცხა – კვირკვია მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა.