ქართული ლეგიონი | კაკაბაძე საკამათო ვითარებაში გააძევეს, ქოჩორაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი | კაკაბაძე საკამათო ვითარებაში გააძევეს, ქოჩორაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა #1TVSPORT

თურქეთისსუპერ ლიგაში გიორგი აბურჯანიას „ჰათაისფორმა“ შინ „ანტალიასფორთან“ ქულა მოიპოვა – 3:3, ქართველი ნახევარმცველი კი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა.

ნიდერლანდების I დივიზიონში შალვა ოგბაიძის „დენ ბოსხმაც“ 3:3 დაასრულა დაპირისპირება „იონგ აიაქსთან“ – ქართველი თავდამსხმელი მხოლოდ დამატებულ წუთზე შეცვალეს.

იტალიის სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილს გასვლაზე „კრემონეზეს“ ფორმით „პიზასთან“ (0:0) არ უთამაშია, ხოლო ივა გელაშვილი 83-ე წუთიდან გამოჩნდა „სპეციაში“, რომელიც შინ „პარმასთან“ 0:1 დამარცხდა. ასევე სათადარიგოებში დარჩა იტალიის სერია A-ში გიორგი კვერნაძე, რომლის „ფროსინონეც“ გასვლაზე „მილანთან“ – 3:1 დამარცხდა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე „ვალიადოლიდს“ 2:1 სძლია. ქოჩორაშვილმა შეუცვლელად და კარგად ითამაშა, 83-ე წუთზე მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი მეკარემ აიღო.

პოლონეთის ჩემპიონატის შეხვედრა ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიასა“ და „რუხს“ შორის უჩვეულო შედეგით 4:4 დასრულდა. ექსტრაკლასას მე-17 ტური ქართველი მცველისთვის უიღბლო გამოდგა. კაკაბაძეს მსაჯმა 30-ე წუთზე წითელი ბარათი აჩვენა და მოედანიდან გააძევა, რაც მთელმა გუნდმა გააპროტესტა. ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ ქართველი მცველი თავდამსხმელს რეალურად არ შეხებია და უსამართლოდ გააძევეს.