ქართული ლეგიონი | კაკაბაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - ელოშვილმა ავსტრიაში გაიტანა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი | კაკაბაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - ელოშვილმა ავსტრიაში გაიტანა #1TVSPORT

ავსტრიის ლიგა 2-ში თავი გამოიჩინა ლევან ელოშვილმა – „კაპფენბერგიდან“ „ბრეგენცში“ გადასული ქართველი ლეგიონერი ვენის „ფლორიდსდორფერთან“ საშინაო შეხვედრაში მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა, ანგარიში 62-ე წუთზე გაათანაბრა და გუნდს ქულა მოუტანა – 1:1.

უნგრეთის ჩემპიონატში დავით კობოურისა და გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ „კიშვარდა“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. ბერიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, კობოური კი სათადარიგოთა შორის დარჩა.

პოლონეთის ექსტრაკლასაში კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი „კრაკოვიას“ ქართველმა კაპიტანმა, ოთარ კაკაბაძემ – კრაკოველებმა საკუთრ სტადიონზე „ვიძევი“ 1:0 დაამარცხეს, ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე მარტინ მინჩევმა ქართველი მოთამაშის გადაცემით გაიტანა.

კაკაბაძის თამაში 8.0 ქულით შეაფასეს, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრების მცველი (რომელიც პოლონეთში ნახევარდაცვაში თამაშობს) მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში წარმატებით დაიწყო სეზონი კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა „გაბალამ“, რომელიც „კარვანს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1. ქართველი სპეციალისტის გუნდი 54-ე წუთზე მასუმუმ დააწინაურა, მაგრამ 78-ე წუთზე მუსაიევის ავტოგოლით უპირატესობა ხელიდან გაუშვა – 1:1.