ქართული ლეგიონი | გიორგი ქოჩორაშვილმა ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, გიორგი კვერნაძე მოედანზე არ გასულა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი | გიორგი ქოჩორაშვილმა ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, გიორგი კვერნაძე მოედანზე არ გასულა #1TVSPORT

ესპანური „ლევანტეს“ ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ქოჩორაშვილმა „რეალ ოვიედოს“ წინააღმდეგ ლა ლიგა 2-ში 65 წუთი ითამაშა, შეხვედრა კი 1:1 დასრულდა.

ლა ლიგა 2-ის მეოთხე ტურის მატჩი „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე ჩაატარა. სტუმრები 47-ე წუთზე ბორხა ბასტონიმ დააწინაურა, მაგრამ ორ წუთში „რეალ ოვიედოს“ ფეხბურთელი გაუძევეს, რითიც მასპინძელმა გუნდმა ისარგებლა. 64-ე წუთზე ანგარიში მუჰამედ ბულდინიმ გაათანაბრა. 87-ე წუთზე „ლევანტემ“ მეორეც გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ გოლი არ ჩათვალეს.

იტალიის სერია A-ში გიორგი კვერნაძის „ფროსინონე“ „უდინეზეს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა – 0:0. ქართველი თავდამსხმელი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

74-ე წუთიდან ითამაშა ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეს“ რიგებში, რომელიც „დიუსელდორფთან“ 1:3 დამარცხდა.

უკრაინის პრემიერლიგაში დონეცკის „შახტარმა“ სტუმრად „მინაის“ 4:1 მოუგო. დონეცკელთა შემადგენლობაში ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი წინა ტურში გააძევეს და დისკვალიფიკაციის გამო თამაში გამოტოვა.

ოთარ კაკაბაძე ტრავმირებულია და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც ამის გამო ვერ მოხვდა. შესაბამისად, პოლონეთის „ექსტრაკლასას“ ბოლო ტურის მატჩში „კრაკოვიას“ „კორონასთან“ (0:0) ვერ დაეხმარა.

ჯანმრთელია ლუკა პარკაძე, თუმცა ავსტრიის მეორე ლიგაში კვლავ არ უთამაშია „ადმირას“ შემადგენლობაში „შტურმი II“-ის წინააღმდეგ (1:1).