ქართული ლეგიონი - გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშია, საბა ლობჟანიძემ საგოლე გადაცემა შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშია, საბა ლობჟანიძემ საგოლე გადაცემა შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიფში „ვესტ ბრომვიჩს“ ესტუმრა და პრემიერლიგაში გადასვლისთვის მებრძოლ გუნდთან ქულა მოიპოვა – 2:2. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ეს შეხვედრაც გამოტოვა.

იტალიის სერია A-ში „ინტერმა“ „ემპოლის“ (სადაც საბა გოგლიჩიძე თამაშობს) უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი სათადარიგოთა შორის იყო. სერია B-ს „კრემონეზეში“ ასევე არ უთამაშია ლუკა ლოჩოშვილს, მისი გუნდი აუტსაიდერ „ფერალპიზალოსთან“, დამარცხდა – 0:1 და მეორედან მეოთხე ადგილზე დაქვეითდა. ივა გელაშვილის „სპეციამ“ კი „ასკოლისთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო 1:0, მე-16 ადგილზე დაწინაურდა და ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი გაუჩნდა.

აშშ-ის ჩემპიონატში (MLS) მორიგი საგოლე გადაცემა შეასრულა საბა ლობჟანიძემ და „ატლანტას“ „ჩიკაგოსთან“ მოგებაში დაეხმარა – 3:0. ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა, მისი საგოლე გადაცემით ბერძენმა გიორგიოს იაკუმაკისმა (მან თბილისში საქართველოს ნაკრებთან მატჩში გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა) ისარგებლა. საბამ მეორე საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა.

აშშ-ის რანგით მეორე ლიგაში (USL) გაგი მარგველაშვილის „ოკლენდ რუთსმა“ „ლას ვეგასთან“ საკუთრ მოედანზე 0:3 წააგო. „იბერიისა“ და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

ისრაელის ლიგატ ჰა’ალში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – საბა ხვადაგიანის „ნეთანიამ“ ნიკა ხორხელის „ბეითარი“ მიიღო და 0:3 დამარცხდა. ხვადაგიანმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო ხორხელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.