ქართული ლეგიონი | გაბრიელ სიგუამ „ბაზელის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი | გაბრიელ სიგუამ „ბაზელის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა #1TVSPORT

გაბრიელ სიგუამ შვეიცარიის „ბაზელის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ქართველი ნახევარმცველის გუნდი სტუმრად სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერს, „იანგ ბოიზს“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

18 წლის სიგუასთვის ეს პირველი სტარტი იყო ახალი გუნდის რიგებში და მან მოედანზე 63 წუთი გაატარა. ცხრა ტურის შემდეგ „ბაზელი“ ქვეყნის ჩემპიონატში მე-12 ადგილს იკავებს.

ჩეხეთის ფორტუნა ლიგაში ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა „იაბლონეცის“ რიგებში, რომელიც ერთ-ერთ ლიდერთან, „პლზენთან“ სტუმრად 2:3 დამარცხდა.

თურქეთის სუპერლიგაში გიორგი აბურჯანია 79-ზე წუთიდან შევიდა მოედანზე „ჰათაისფორის” მაისურით. ქართველის გუნდმა „ქონიასფორს“ 3:1 სძლია და ლიდერთა ხუთეულში დაწინაურდა.

საბერძნეთის სუპერლიგაში ათენის აეკ-მა ლევან შენგელიას „პანეტოლიკოსი“ 3:0 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა 81 წუთი ითამაშა.

მუხლის ტრავმის შემდეგ კვლავ რეაბილიტაციას გადის „კოპენჰაგენის“ მცველი დავით ხოჭოლავა და დანიის სუპერ ლიგაში „ორჰუსთან“ ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრა გამოტოვა.

ბელგიის „ჩელენჯერ პრო“ ლიგაში გიორგი მოისწრაფიშვილის „ბევერენი“ შინ „ვარეგემთან“ 0:3 დამარცხდა. 22 წლის ქართველი ნახევარმცველი კვლავ სასტარტო თერთმეტეულში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.