ქართული ლეგიონი ევროპიდან აზიამდე - ლოჩოშვილი არ ათამაშეს, ყაზახეთში ქართველებმა ისევ გაიტანეს, კუტალიამ დუბლი შეასრულა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი ევროპიდან აზიამდე - ლოჩოშვილი არ ათამაშეს, ყაზახეთში ქართველებმა ისევ გაიტანეს, კუტალიამ დუბლი შეასრულა #1TVSPORT

2023/2024 წლის სეზონი იტალიის სერია B-შიც დაიწყო. ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” საკუთარ მოედანზე „კატანძაროს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. ქართველი მცველი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე არ შესულა.

ყაზახეთის ჩემპიონატში ყარაღანდის „შახტიორმა“ „ოკჟეტპე” მიიღო და 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს ანტონ თოლორდავამ და თემურ ჩოგაძემ, რომელმაც 90+2-ე წუთზე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თავი გამოიჩინა ლუკა იმნაძემაც, რომლის „კიზილ ჯარამაც“ გასვლაზე „კასპიის“ 2:0 სძლია. ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი 61-ე წუთზე აიღო. მიმდინარე სეზონში მან უკვე მესამე გოლი გაიტანა, ხოლო ჩოგაძემ – მეოთხე.

სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში ვაკო ყაზაიშვილის „ულსანმა“ ტურის მატჩში ერთ-ერთ კონკურენტი „ჯეონბუკი“ 1:0 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა 80 წუთი ითამაშა. „გვანჯუს“ სასტარტო შემადგენლობაში „ინჩჰონის“ წინააღმდეგ იყო ბექა მიქელთაძე, ის 59-ე წუთზე შეცვალეს.

ჩინეთის ლიგა 1-ში „ჰეილონძიანმა“ შინ „ჯინგდაოსთან” მხოლოდ ქულა მოიპოვა. მასპინძელთა შორის გუჯა ლობჯანიძე მატჩის ბოლო წუთზე გამოჩნდა.

ვახტანგ ჭანტურიშვილმა 90 წუთი ითამაშა „იაბლონეცში“, რომელმაც ჩეხეთის ფორტუნა ლიგის მეხუთე ტურში გასვლაზე „კარვინასთან“ ფრედ 1:1 ითამაშა.

უკრაინის პრემიერლიგაში ბექა ვაჩიბერაძის ხარკოვის „მეტალისტი 1925“-მა შინ „მინაის” 1:0 სძლია. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს.

სომხეთის პრემიერლიგაში კი ლევან კუტალიამ დუბლი შეასრულა. „ალაშკერტმა“, სადაც კუტალიასთან ერთად დავით ხურციძეც ასპარეზობს, ერევნის „ბაკი“ 4:0 დაამარცხა. კუტალიამ ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, ხოლო მეორე გოლი 63-ე წუთზე ჩაიწერა აქტივში. ქართველმა თავდამსხმელმა სამ შეხვედრაში უკვე ოთხი გოლის გატანა მოახერხა.