ქართული ლეგიონი ევროპაში – კვეკვესკირმა ბრწყინვალე საგოლე პასი შეასრულა, სიგუა „ბაზელის“ ძირითადში მკვიდრდება [ვიდეო] #1TVSPORT
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურში, ნიკა კვეკვესკირის პოზნანის „ლეხმა“ „ლოძს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა, მასპინძელთა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
ნიკამ 81-ე წუთზე შესანიშნავი პასით ნორვეგიელი თავდამსხმელი კრისტოფერ ველდე მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ლეხი“ 23 ქულით მე-3 ადგილზეა.
⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Lech 3-1 ŁKS Łódź | Kristoffer Velde#LPOLKS
Follow:@allworldgoal pic.twitter.com/UlnlscTcCQ— All World Goal (@allworldgoal) October 21, 2023
შვეიცარიაში გაბრიელ სიგუამ მწვრთნელის ნდობა სწრაფად მოიპოვა და „ბაზელის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო „სერვეტთან“ საშინაო შეხვედრაში. 18 წლის ქართველი ნახევარმცველი 53-ე წუთზე შეცვალეს, „ბაზელმა“ კი 0:1 წააგო და ხუთი ქულით შვეიცარიის სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა.
კვიპროსის ჩემპიონატის მერვე ტურში აპოელ-მა „ნეა სალამინას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ქვილითაიამ ითამაშა (72-ე წუთიდან), ხოლო ლაშა დვალი წინა ტურში „ოთელოსთან“ დაშავდა და ჯერ სათამაშოდ მზად არ იყო. აპოელ-ი 17 ქულით, „არისთან“ ერთად, ჩემპიონატის ლიდერია.