ქართული ლეგიონი ევროპაში - გოლი, მოგებები და ლიდერობა
ქართული ლეგიონი ევროპაში - გოლი, მოგებები და ლიდერობა

ევროპაში ქართველმა ფეხბურთელებმა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ითამაშეს. პოლონეთის ექსტრაკლასაში ნიკა კაჭარავას „კორონამ“ პოზნანის „ლეხი“ 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა კელცელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა. „კორონამ“ 24-ე ტურში 38 ქულა დააგროვა, მაგრამ წინა ორ გუნდს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

უკრაინის პრემიერლიგის 21-ე ტურში დონეცკის „შახტარმა“ ხარკოვში „ზირკას“ 5:0 მოუგო. საქართველოს ნაკრების მცველი, დათა ხოჭოლავა დონეცკელთა შემადგენლობაში იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და 68-ე წუთზე შეცვალეს. ამ მოგებით „შახტარი“, 48 ქულით, პირველ ადგილზეა და კიევის „დინამოს“ ექვსი ქულით უსწრებს.

პოლტავას „ვორსკლა“ ლუგანსკის „ზორიას“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. პოლტაველთა ძირითად შემადგენლობაში სანდრო კობახიძე იყო, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს, ანდრო გიორგაძეს კი არ უთამაშია.

შვეიცარიის სუპერლიგაში „ლუცერნმა“ შინ „თუნი“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ვაკო გვილია კვლავ „ლუცერნის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 82–ე წუთზე შეცვალეს. 24 ტურის შემდეგ, „ლუცერნი“, 30 ქულით, მეშვიდე ადგილზეა.

ალბანეთის სუპერლიგის 21-ე ტურში „კუკეშმა“ „ლაჩის“ 1:0 ირაკლი ძარიას გოლით მოუგო. „კუკეშის“ 29 წლის ნახევარმცველმა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი მე-80 წუთზე აიღო. 21 ტურის შემდეგ, „კუკეში“, 35 ქულით, მესამე ადგილზეა, მაგრამ რეალურად მეორე პოზიციაზეა, რადგან პირველადგილოსან „სკანდერბიუს“ ევროთასებზე თამაში 10 წლით აუკრძალეს. შესაბამისად, ძარიას გუნდის კონკურენტი მეორეადგილოსანი „ფლამურტარია“.