ქართული ლეგიონი აზიაში - მაქაცარიას მორიგი გოლი, ქავთარაძე პრემიერლიგაში დუბლით გადავიდა, შულაიამ ეფექტურად გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ყაზახეთში ქართველებმა ისევ შედეგიანი თამაშით გამოიჩინეს თავი. I ლიგაში – ლაშა კასრაძემ და თამაზ მაქაცარიამ „ჟენისში“ „აქტობე 2“-თან გასვლაზე 1:5 მოიგეს. მაქაცარიამ ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა თავი – წინა ტურში დუბლის შემდეგ, ამჯერად 44-ე წუთზე გაიტანა და ანგარიშზე 5 გოლი + 2 საგოლე პასი დაუგროვდა.

ბექა ქავთარაძემ კი ამავე ლიგაში, „ელიმაიში“ წარმატებული თამაში ჩაატარა „ხან თენგრთან” (2:1) და დუბლი შეასრულა – მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ. ქავთარაძემ 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემაც დააგროვა.

ელიმაი“ სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე პირველ ადგილზეა და ამ მოგებით პრემიერლიგაში გადასვლა გაინაღდა. კასრაძის და თამაზ მაქაცარიას „ჟენისი“ კი მესამე ადგილზეა და კონკურენტს 8 ქულით ასწრებს, მაგრამ საგზურის მოსაპოვებლად ჯერ კიდევ ბრძოლა მოუწევს.

უზბეკეთის პროფლიგაში კი აკაკი შულაია და გიორგი კუხიანიძე „კიზილყუმს“ გასვლაზე „თერმეზთან“ მოგებაში დაეხმარნენ – 1:2. შულაიამ ახალ გუნდში პირველი გოლი ძალიან ეფექტურად გაიტანა – კარიდან წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.