ქართული ლეგიონი - ალთუნაშვილის დებიუტი გადაიდო, ვაისმა ქართველები დაასვენა, კიტეიშვილს თამაში დაუფასეს #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - ალთუნაშვილის დებიუტი გადაიდო, ვაისმა ქართველები დაასვენა, კიტეიშვილს თამაში დაუფასეს #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგაში კვლავ გადაიდო სანდრო ალთუნაშვილის დებიუტი, რადგან ქართველი ნახევარმცველის გუნდის, „ვოლფსბერგის“ გასვლითი მატჩი „კლაგენფურტთან“ გადაიდო. ოთარ კიტეიშვილმა კი მორიგი მატჩი გამართა გრაცის „შტურმში“, რომელმაც შინ ლასკი 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო და გოლით და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე და 7,8 შეფასება დაიმსახურა.

სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავას „სლოვანის“ განაცხადში არ იყვნენ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა – ვლადიმირ ვაისმა ორივე დაასვენა „ბანსკა ბისტრიცასთან“ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში.

ქართველების დასვენების მიზეზი ისაა, რომ სლოვაკეთის ჩემპიონი უახლოეს პერიოდში თამაშებს მჭიდრო გრაფიკით ჩაატარებს. გუნდი, ეროვნული პირველობის პარალელურად, ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობს, სადაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა და 9 აგვისტოს ჰაიფას „მაკაბის“ ესტუმრება, 15 აგვისტოს შინ მიიღებს, ამ ორ შეხვედრას შორის კი სლოვაკეთის ჩემპიონატში 12 აგვისტოს „სკალიცას“ ესტუმრება.

შვეიცარიის სუპერ ლიგაში გაბრიელ სიგუა „ბაზელის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია „გრასჰოპერსთან“ გასვლითი მატჩი, რომელიც მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. სერბეთის სუპერ ლიგაში კი „ცრვენა ზვეზდაში“ ” 70-ე წუთიდან ითამაშა ირაკლი აზაროვმა. მისმა გუნდმა „ნაპრედაკი“ 4:0 დაამარცხა.