„ქართული კლასიკო“ „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა
„ქართული კლასიკო“ „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის გადადებული „ქართული კლასიკო“ „დინამო თბილისსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის „დინამო-არენაზე” გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა.

ანგარიში თბილისელებმა გახსნეს – 63-ე წუთზე, ქუთაისელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ნოდარ ქავთარაძემ გოლად აქცია 1:0. თბილისელთა სიხარული სულ ოთხი წუთი გრძელდებოდა. სტუმართა თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია სამ მცველს შორის ეფექტურად გაძვრა და ულამაზესი გოლით წონასწორობა აღადგინა 1:1.

„დინამომ“ ბოლო წუთებში მთელი ძალებით შეუტია და 84-ე წუთზე შედეგიც მიიღო – კარის წინ დარჩენილი დავით სხირტლაძის წაქცევისთვის მთავარმა არბიტრმა ქუთაისელთა ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე მოედნიდან გააძევა, ხოლო სტუმართა კარში მეორე პენალტი დანიშნა, რომელიც ისევ ქავთარაძემ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

თბილისის „დინამომ“ 16 ტურის შემდეგ (ერთი მატჩი მარაგში კიდევ აქვს) 34 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოსთან“ (29 ქულა) სხვაობა გაზარდა. ქუთაისის „ტორპედო“ კი 16 ქულით დარჩა, „სამტრედიას“ (19) ისევ ჩამორჩება და მე-8 ადგილზეა, მაგრამ თამაში მარაგში მასაც აქვს.

დატოვე კომენტარი