ქართული „კლასიკო“ ჩაშლილად გამოცხადდა - გადაწყვეტილებას სადისციპლინო კომიტეტი გამოიტანს #1TVSPORT
ქართული „კლასიკო“ ჩაშლილად გამოცხადდა - გადაწყვეტილებას სადისციპლინო კომიტეტი გამოიტანს #1TVSPORT

83-ე ქართული „კლასიკო“„რამაზ შენგელია არენაზე“ ჩხუბის გამო ჩაიშალა. ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოსა“ და მის პრინციპულ მეტოქეს, „დინამო თბილისს“ შორის 90+6 წუთზე შეწყდა.

ამ დროისთვის თბილისელები 1:2-ს იგებდნენ. ყველაფერი ტრიბუნაზე მეტოქეთა გულშემატკივრებს შორის კონფლიქტით დაიწყო. შემდეგ ინციდენტმა მოედანზე, მოთამაშეებამდეც მიაღწია. გადასული ბურთის მოწოდებას ქუთაისელთა კაპიტანი ვაჟა ტაბატაძე ცდილობდა – ქუთაისელები „დინამოს“ მეკარეთა ბელარუს მწვრთნელის, ევგენი ტაიკევიჩის ქმედებით გაღიზიანდნენ. ამავე დროს, თბილისელთა მოთამაშეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტრიბუნაზე ისედაც გამწვავებული ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და მაყურებელთა ნაწილმა მოედანზე შეაღწია. მთავარმა არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა ასეთ პირობებში თამაშის მონაწილეთა უსაფრთხოება არასათანადოდ დაცულად მიიჩნია, მოედნიდან გასახდელში გავიდა და მატჩის ოფიციალურ პირებთან ხანმოკლე თათბირის შემდეგ თამაში ჩაშლილად გამოაცხადა.

ასეთ დროს, გადაწყვეტილებას ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იღებს. მთავარია – წაგება ჩაეთვლება ქუთაისის „ტორპედოს“, გუნდებს მატჩის დასრულებამდე დარჩენილ 2 წუთს ათამაშებენ თუ რა სასჯელი იქნება, ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა.