ქართული გოლი ავსტრალიაში - მიქელთაძემ დარცმელიას პასით გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში მორიგი გოლი ქართველი თანაგუნდელის, ბექა დარცმელიას დახმარებით გაიტანა და „ნიუკასლ ჯეთსს“ სტუმრად მოგებაში დაეხმარა 2:1.

ქართველების გუნდი ავსტრალიის A ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში „სენტრალ კოსტ მარინერსგოსფორდში ესტუმრა. ორივე ქართველი „ნიუკასლის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, მიქელთაძემ სრულად ითამაშა (68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო), ხოლო დარცმელიამ – 82 წუთი.

ქართველების გუნდი მე-12 წუთზე ტრენტ-ანტონი ბუაგიარმა დააწინაურა. „სენტრალ კოსტ მარინერსმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში (53) წონასწორობა აღადგინა, „ნიუკასლმა“ კი 66-ე წუთზე გამარჯვების გოლი ქართველების შეტევით გაიტანა – დარცმელიამ კუთხური ჩამოაწოდა, მიქელთაძემ კი ზუსტი თავური დარტყმით გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ტურის მატჩი ჩაატარა ბაჩანა არაბულმაც, რომლის „მაკარტურიც“ შინ „მელბურნთან“ 0:1 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 62 წუთი ითამაშა.

7 ტურის შემდეგ „ნიუკასლ ჯეთსმა“ 9 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა, მაგრამ ერთი მატჩი მარაგში აქვს და შეუძლია მესამე ადგილზე მყოფ „ადელაიდას“ (12) დაეწიოს. მას ქულით ჩამორჩება არაბულის „მაკარტური“ (7), რომელმაც 7 მატჩი გამართა.

რაც შეეხება მიქელთაძის მონაგარს, მან მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა და მეორე გოლი გაიტანა, დარცმელიას ანგარიშზე კი 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.