ქართული გოლები ევროპაში - ლობჟანიძემ ისევ საათი გამოსახა [ვიდეო]

კვირა ევროპაში მოთამაშე ქართველებისთვის წარმატებული გამოდგა – 2 სექტემბერს გამართულ შეხვედრებში ოთხმა მათგანმა თავის გამოჩენა მოახერხა.

ისევ ხარაიშვილი

ხარაიშვილის „გიოტებორგი“ შვედეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში „დალკურდს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა 1:1. მასპინძლები 91-ე წუთამდე იგებდნენ. თუმცა, სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც ხარაიშვილმა უნაკლოდ შეასრულა 1:1. გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „გიოტებორგი“ 23 ქულით მე-11 ადგილზეა.

„რანდერსში“ საუკეთესო

მიმდინარე სეზონში დანიის სუპერლიგაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა საბა ლობჟანიძემ – მერვე ტურში 24 წლის შემტევი ნახევარმცველის „რანდერსმა“ „ოლბორგს“ უმასპინძლა. ქართველმა მე-17 წუთზე თანაგუნდელს გაატანინა, ორ წუთში კი მეტოქის კარი თავური დარტყმით თავად აიღო და „რანდერსი“ 2:1 დააწინაურა. ქართველმა ფეხბურთელმა სიხარული მისთვის ჩვეული ჟესტით – საათის გამოსახვით აღნიშნა, რაც ნიშნავს – „ახლა ჩემი დროა“. თუმცა, ლობჟანიძის გუნდმა გამარჯვება ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ქულას დასჯერდა 2:2. „რანდერსი“ 10 ქულით სუპერლიგაში მეშვიდე ადგილზეა.

ქვილითაიას ზედიზედ მეორე

ტრავმამოშუშებული გიორგი ქვილითაია საქართველოს ნაკრების შეკრებაზე კარგი განწყობით მოემგზავრება – 25 წლის თავდამსხმელმა „გენტის“ ფორმით ბელგიის ჩემპიონატში მეორე შეხვედრა ჩაატარა და მეორედ გაიტანა. თუკი წინა ტურში საამისოდ წუთი დასჭირდა, ახლა მოედანზე 85-ე წუთზე შესულმა თავის გამოჩენა 90+1 წუთზე შეძლო. გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში იყო და 90 წუთი ჩაატარა. „გენტმა“ 3:0 მოიგო და მეოთხე ადგილზეა.

მანჯგალაძე ქართველების წინააღმდეგ

ლატვიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „სამტრედიას“ ყოფილი ნახევარმცველის, გია მანჯგალაძის „ვენტსპილსმა“ ლიდერ „რიგასს“ 2:0 მოუგო. 87-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა დააფიქსირა. „რიგასის“ შემადგენლობაში ოთხიდან სამმა ქართველმა ითამაშა: ლაშა შერგელაშვილმა, ნიკა სანდოხაძემ და ბექა ვაჩიბერაძემ, ირაკლი სიხარულძე კი სათადარიგოთა შორის იყო. „ვენტსპილსი“ 40 ქულით მეოთხეზეა, ხოლო „რიგასმა“ ლიდერობა დაკარგა.

პლუს 6 – კაკაბაძე მოლოდინშია

შვეიცარიის სუპერლიგაში „ლუცერნმა“ „გრასჰოპერი“ 2:1 დაამარცხა. ვაკო გვილია ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. ოთარ კაკაბაძე სამუშაო ვიზის მოლოდინშია და ჯერ განაცხადში ვერ მოხვდა. „ლუცერნი“ ექვსი ტურის შემდეგ ცხრა ქულით მეოთხე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ამ უქმეებზე თავიანთ გუნდებში გოლებით თავი გამოიჩინეს ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკაში, ლუკა ზარანდიამ – პოლონეთში, გიორგი აბურჯანიამ – ესპანურ ლა ლიგა 2-ში, ზაქარია ბეგლარიშვილმა – ესტონეთში, ხოლო გიორგი გოროზიამ – ფინეთში. თორნიკე ოქრიაშვილი ფორმის აღსადგენად „კრასნოდარის“ სარეზერვო გუნდში თამაშობს და რუსეთის პირველი დივიზიონის მეცხრე ტურში „სოჭს“ საკუთარ მოედანზე პენალტით გაუტანა. ტრავმის შემდეგ ეს ოქრიაშვილის პირველი გოლი იყო. ზოგადად, ასეთი უხვგოლიანი კვირა ქართველ ფეხბურთელებს დიდი ხანია არ ჩაუტარებიათ.

დატოვე კომენტარი