ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ვლადიმერ გუცაევი იუბილარია - 13 მაისამდე შევარდნაძეს ვუთხარი, ერთ გოლს გავიტან, სხვას ვერაფერს დაგპირდებით-მეთქი #1TVSPORT
ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ვლადიმერ გუცაევი იუბილარია - 13 მაისამდე შევარდნაძეს ვუთხარი, ერთ გოლს გავიტან, სხვას ვერაფერს დაგპირდებით-მეთქი #1TVSPORT

ვლადიმერ გუცაევი იუბილარია – თბილისის „დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტია, 71 წლის გახდა.

გუცაევი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში იშვიათი გამონაკლისია, ვინც წარმატებული კარიერა მხოლოდ ერთ გუნდში – თბილისის „დინამოში“ გაატარა, სადაც თექვსმეტი სეზონი ითამაშა. 1986 წელს მან ამავე კლუბში დაასრულა თავისი საფეხბურთო კარიერა. ამ წლებში რეკორდული 438 მატჩი ჩაატარა და 83 გოლი გაიტანა.

იგი მაღალი სისწრაფითა და დრიბლინგით გამოირჩეოდა. წესების დარღვევის გარეშე მისთვის ბურთის ართმევა იმდენად რთული იყო, მეტოქის საჯარიმო მოედანში მასთან ორთაბრძოლა ხშირად პენალტის დანიშვნით მთავრდებოდა. აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.

გუცაევი თბილისის „დინამოში“ 1971 წლიდან თამაშობდა. გუნდთან ერთად 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). 1973 წელს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის, „კარაველას თასის“ გამარჯვებული გახდა, სადაც ფინალში, ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩში (3:1) დუბლი შეასრულა.

1981 წლის 13 მაისს, გუცაევმა კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისს“ 67-ე წუთზე გაუტანა და „დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის წარმატებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა. იმავე წლის შემოდგომაზე კი მადრიდის ოთხთა ტურნირზე, სადაც ევროპის ოთხი საუკეთესო გუნდი თამაშობდა („რეალი“, „ბაიერნი“, „დინამო“, „ალკმაარი“) საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მაშინ „რეალი“ მზად იყო, თბილისელთა თავდამსხმელში დიდი თანხა გადაეხადა, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ეს შეუძლებელი გახლდათ.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხზე საინტერესო ისტორია გაიხსენა.

„ყოველთვის წინასაწარ მქონდა ხოლმე შეგრძნება, რომ გოლს გავიტანდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძლიერ გუნდებს ვხვდებოდით. „ლივერპულთან“ თამაშის წინაც ვთქვი, გოლს გავიტან-მეთქი და „ჰამბურგამდეც“.

1981 წლის 13 მაისის თამაშზე გამგზავრებამდე ბაზაზე ედუარდ შევარდნაძე მოვიდა და მკითხა, შენზე გაგებული მაქვს, რასაც ამბობს, აუცილებლად აკეთებსო და რას იტყვიო? ერთ გოლს გავიტან, სხვას ვერაფერს დაგპირდებით-მეთქი. 0:1-ზე ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მადლობა რამაზ შენგელიას, ორი მცველი თავის მხარეს გადაიყვანა, პასი მომცა და იქ უკვე უბრალოდ, ბედი იყო და უნდა გაგეტანა“.