ქართული ფეხბურთის ლეგენდა 98 წლისაა - ფილმი ეძღვნება „დინამო თბილისს“ #1TVSPORT
ქართული ფეხბურთის ლეგენდა 98 წლისაა - ფილმი ეძღვნება „დინამო თბილისს“ #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ფილმი, რომელიც გუნდის 98 წლისთავთან დაკავშირებით მისმა პარტნიორებმა მოამზადეს.

„მე-20 საუკუნეში სამი უნიკალური რამ არის მომხდარი საქართველოს ისტორიაში: ლა სკალა ფეხზე წამოუდგა სუხიშვილების ანსამბლს, რუსთაველის თეატრს ფეხზე წამოუდგა შექსპირის სამშობლო, ხოლო თბილისის „დინამოს“ ფეხბურთის სამშობლო და ტაშით გააცილა“, – გუნდის გულშემატკივრის, თემურ ღაღანიძის ამ სიტყვებით იწყება ყველაზე სახელოვანი ქართული კლუბის ისტორიაზე გადაღებული ფილმი.

„გუნდის ყველა ცნობილი გულშემატკივარი მეცხრე სექტორში იჯდა. მე პატარა ბიჭი ვიყავი და ბილეთისთვის ახალნაყიდი ველოსიპედი გავყიდე. ბიცოლა მყავდა სოციალისტური შრომის გმირი და ბილეთს იმის ფულით ვიღებდი“, – იხსენებს გულშემატკივარი, პროფესორი დევი დობორჯგინიძე.

თბილისის „დინამოს“ ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს, როცა თბილისში, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. შემდეგ წლებში ის ყველაზე პოპულარული ქართული კლუბი გახდა და ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში.

იყო საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, ხუთგზის ვიცე-ჩემპიონი და ცამეტგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი და ექვსგზის ფინალისტი. კლუბის ყველაზე დიდ მიღწევად დღემდე რჩება 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება, რომლის ფინალშიც იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა.

კლუბს თავის ისტორიაში შთამბეჭდავი გამარჯვებები აქვს მოპოვებული ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის გრანდებთან – „ლივერპულთან“, „ვესტ ჰემთან“, ნიდერლანდების „ფეიენოორდთან“, იტალიის „ნაპოლისთან“ და „ინტერთან“, „ბაიერნთან“, „ბენფიკასთან“, „ბოკა ხუნიორსთან“…

1990 წლიდან კლუბმა დაასრულა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში ასპარეზობა და მას შემდეგ უცვლელად მონაწილეობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. ამ პერიოდისათვის „დინამოს“ ცოტა ხნით სახელი გადაერქვა და „იბერია“ ეწოდა, თუმცა თავდაპირველი სახელი მალევე დაუბრუნდა. არის საქართველოს 19-გზის ჩემპიონი, საქართველოს თასის 13-გზის და საქართველოს სუპერთასის ცხრაგზის მფლობელი.