ქართული ევროსეზონი დასრულდა - იმედგაცრუება გაზრდილი რეიტინგსა და ევროშემოსავლების ფონზე
ქართული ევროსეზონი დასრულდა - იმედგაცრუება გაზრდილი რეიტინგსა და ევროშემოსავლების ფონზე

თბილისის „დინამო“ როტერდამის „ფეიენოორდს“ „დინამო-არენაზე“ დაუზავდა (1:1) და ამით მიმდინარე ევროტურნირებზე ქართულმა გუნდებმა გამოსვლა დაასრულეს. მართალია, გუნდებმა გულშემატკივარი ვერც წელს გაახარეს, მაგრამ საქართველოს უეფა-ს რეიტინგში წინსვლა აქვს.

წლეულს ევროთასებზე ოთხი ქართული გუნდი მონაწილეობდა. „საბურთალომ“ უეფა-ს რეიტინგში საქართველოს 0,500 ქულა მოუტანა, ხოლო ბიუჯეტს 1,2 მილიონი ევროთი გაიმდიდრებს. შეგახსენებთ, რომ მოგებისთვის რეიტინგში გუნდს და ქვეყანას 0,250 ქულა ეწერება, ფრეზე – 0,125 ქულა.

თბილისის „დინამომ“ ევროტურნირებზე ქართულ გუნდებში ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა მოუტანა 1,125 ქულა და ბიუჯეტი 780 ათასი ევროთი შეივსო. მაგრამ უეფა-მ კლუბი „გაბალასთან“ მატჩის დროს გადმოფენილი (უეფა-ს აზრით, ფაშისტური სიმბოლიკის შემცველი) ბანერისთვის ფინანსურადაც დასაჯა – თბილისური კლუბი 50 ათას ევროს გადაიხდის. ამგვარად, თბილისელთა ევროშემოსავალი 730 ათას ევროს შეადგენს.

სარეიტინგო ქულებით მეორე ადგილზე საჩხერეს „ჩიხურაა“, რომელმაც ევროპალიგის ოთხ შეხვედრაში 0,625 ქულა დააგროვა და უეფა-სგან 500 ათასი ევრო დაერიცხება – შესაბამისად, 240 და 260 ათასი ევრო პირველ და მეორეზე ეტაპზე მონაწილეობისთვის.

ერთადერთი ქუთაისის „ტორპედოა“, რომელმაც უეფა-ს რეიტინგში საქართველოს ქულა ვერ მოუტანა და შემოსავალიც ნაკლები მიიღო – სამწუხაროდ, ზედ ტურნირის წინ დასუსტებულმა გუნდმა ყაზახურ „ორდაბასთან“ ორივე მატჩი დათმო (0:1, 0:2) და მხოლოდ 240 ათასი ევრო მილიონი ევრო დაერიცხება.

გუნდებმა ახალ ევროსეზონზე უფრო მეტი შემოსავალი მიიღეს, ვიდრე შარშანდელი გამოსვლებიდან – 2,67 მლნ ევრო, ხოლო შარშან – 2,22.

ასევე მეტია უეფა-ს რეიტინგში მოპოვებული ქულები – შარშან გუნდებმა 1.625 ქულა დააგროვეს, ხოლო მიმდინარე ევროგათამაშებაში – 2.250 და საქართველო უეფა-ს ლაივ რეიტინგში 44-ე ადგილზე (+3 ადგილი) დაწინაურდა.