ქართული „დინამოდან“ ალბანურ „დინამოში“ - მარგველაშვილი ლუიჯი დი ბიაჯოსთან ითამაშებს #1TVSPORT
გაგი მარგველაშვილმა „დინამო თბილისი“ დატოვა და კარიერას ალბანეთის პირველი ლიგის გუნდში, ტირანას „დინამო სიტიში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
26 წლის ფეხბურთელი „დინამო თბილისში“ 2023 წლის დასაწყისში ჩაირიცხა, მაგრამ ევროთასების შემდეგ შემადგენლობაში აღარ უთამაშია. შეგახსენებთ, რომ მანამდე „დინამო თბილისი“ კიდევ ერთმა მცველმა, ჯიმი ტაბიძემ დატოვა.
ალბანური საფეხბურთო კლუბი ტირანას „დინამო სიტი“ 1950 წელს დაარსდა და ისტორიულად ასოცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გუნდმა 18-ჯერ მოიგო ალბანეთის ჩემპიონატი, ითვლება მეორე ყველაზე ტიტულოვან კლუბად „ტირანას“ შემდეგ.
გუნდის მთავარი მწვრთნელი იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლუიჯი დი ბიაჯოა. „დინამო სიტი“ ბოლოს ალბანეთის ჩემპიონი 2009/10 წლების სეზონში გახდა. საინტერესოა, რომ 2008 წელს „დინამოში“ ხორვატიის ნაკრების მოქმედი მწვრთნელი ზლატკო დალიჩი მუშაობდა – მან კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ ორი თამაში წააგო და გუნდიდან მალე გაუშვეს.
2011-12 წლების სეზონში კლუბმა ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა და ისტორიაში პირველად ალბანეთის პირველ დივიზიონში დაქვეითდა. 2012-13 წლების სეზონიდან მოყოლებული კლუბი ალბანეთის პირველ დივიზიონში თამაშობდა და რამდენჯერმე მეორე (რანგით მესამე) დივიზიონში დაქვეითება დაემუქრა, მაგრამ ცხრა სეზონის შემდეგ სუპერლიგაში დაბრუნდა.