„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს დღეიდან დატოვებენ
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს დღეიდან დატოვებენ

პირველი აგვისტოდან თანამდებობებს დატოვებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულები და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი, – აცხადებენ პარტია „ქართულ ოცნებაში“.

თანამდებობებს ტოვებენ ირაკლი ქადაგიშვილი – კახეთის სახელმწიფო რწმუნებული (თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); გიორგი ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული (გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული (მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); ნოდარ ტურძელაძე – ვაკის რაიონის გამგებელი; (ვაკის რაიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი).

აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, რომელიც „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, თანამდებობა უკვე დატოვა.

რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ. იგი „ქართული ოცნებიდან“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ ადმინისტრაციული თანამდებობის სხვა პირებს, ისინი თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ.

დატოვე კომენტარი