ქართულ კლასიკოში თბილისის „დინამომ“ გაიმარჯვა
ქართულ კლასიკოში თბილისის „დინამომ“ გაიმარჯვა

„კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში 24-ე ტურის მთავარი შეხვედრა წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა – 74-ე ქართულ კლასიკოში ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ანგარიში თბილისელებმა 29-ე წუთზე გახსნეს – ნოდარ ქავთარაძის გადაცემით გოლი ლევან კუტალიამ გაიტანა. ორივე მათგანი ორი თვის წინ ტორპედოს მოთამაშე იყო და ამიტომ, კუტალიამ გოლი არ აღნიშნა.

ამის შემდეგ გატანა ორივე გუნდს შეეძლო – „დინამოდან“ ნიკა ნინუას და ლევან შენგელიას, მაგრამ „ტორპედო“ მეკარე როინ კვასხვაძემ გადაარჩინა. ქუთაისელებიდან წონასწორობის აღდგენის რეალური შანსი თორნიკე კაპანაძეს ორჯერ მიეცა – პირველად თბილისელთა მეკარე ხოსე პერალესმა საიმედოდ ითამაშა, მეორედ კი შემტევმა ახლოდან მიზანს ააცილა. 73-ე წუთზე ქუთაისელთა ნახევარმცველმა ზაზა ციცქიშვილმა საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და კარს სანტიმეტრებში ააცილა.

საბოლოოდ, მატჩი „დინამოს“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა – თბილისელებმა 47 ქულა დააგროვეს, ბათუმის „დინამოს“ (46 ქულა) გაასწრეს და ლიდერობა დაიბრუნეს. ამავე დროს, თბილისელებმა კონკურენტზე ერთით ნაკლები მატჩი გამართეს. ქუთაისის „ტორპედო“ კი 34 ქულით ისევ მეხუთე ადგილზეა.