ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართულ ფინალში ლუკა მაისურაძემ გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულად წარიმართა, ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, დამატებითში კი მაისურაძემ ეფექტური გდება შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ დღემდე მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი იყო. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილი კი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) დაიკავა.

დოჰაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ქართული ძიუდოს ისტორიაში რამდენიმე სარეკორდო შედეგი დაფიქსირდა:

1) ქართველი (ტატო გრიგალშვილი) ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი შემთხვევაა. ქართული ძიუდოს ისტორიაში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი მხოლოდ გრიგალაშვილია;

2) ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ორი ქართველი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდა;

3) ქართველებმა ზედიზედ მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეს ოქროს მედალი;

4) ჩვენი ძიუდოისტების მიერ ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ორი ოქროს მედალიც პირველი შემთხვევაა.