ქართულ ფეხბურთზე ქართული ბიზნესი იზრუნებს - ფეხბურთის ფედერაციას ახალი გენერალური პარტნიორი ჰყავს #1TVSPORT
ქართულ ფეხბურთზე ქართული ბიზნესი იზრუნებს - ფეხბურთის ფედერაციას ახალი გენერალური პარტნიორი ჰყავს #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი გენერალური პარტნიორი ჰყავს. ორგანიზაციამ კონტრაქტი საქართველოს ბანკთან გააფორმა. ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა.

ხელშეკრულება 5 წელზეა გათვლილი და ეროვნული, ასაკობრივი, ფუტსალისა და ქალთა ნაკრებების მხარდაჭერას ითვალისწინებს. გარდა ამისა, თანამშრომლობა მოიცავს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერას, დაგეგმილია საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის განხორციელება, მასობრივი და ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციაში მონაწილეობა.

ხელშეკრულების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია.

ფეხბურთის ფედერაციამ ახალი პარტნიორის ძებნა თებერვლიდან დაიწყო, როდესაც უკრაინაში დატრიალებული მოვლენების გამო „ვი-თი-ბი ბანკთან“ ხელსაყრელი პირობებით გაფორმებული კონტრაქტი გაწყვიტა.