ქარიმ ბენზემამ ალჟირის ნაკრებში გადასვლაზე მიანიშნა
ქარიმ ბენზემამ ალჟირის ნაკრებში გადასვლაზე მიანიშნა

მადრიდის „რეალის“ ფორვარდის ქარიმ ბენზემას უთანხმოებამ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან წარმოშვა ჭორები იმის შესახებ, რომ ფეხბურთელმა, შესაძლოა, ალჟირის ნაკრებში თამაში სცადოს.

გასულ კვირას, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ მიანიშნა, რომ ქარიმი აღარასოდეს ითამაშებს საფრანგეთის ნაკრებში. მისი თქმით, „ბენზემას მოგზაურობა ეროვნულ გუნდში დასრულებულია“.

ბენზემამ მომენტალურად გასცა პასუხი – მან განაცხადა, რომ მხოლოდ ის გადაწყვეტს, დაასრულოს თუ არა საერთაშორისო კარიერა. გულშემატკივრებისა და პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ფორვარდის ფრაზამ: „თუ მიგაჩნიათ, რომ მე აღარ ვარ საჭირო, მაშინ დამრთეთ ნება ვითამაშო ერთ-ერთი იმ ქვეყნისთვის, რომლის სახელით გამოსვლა შემიძლია“. ბენზემას, თეორიულად, აქვს უფლება ითამაშოს ალჟირის ნაკრებში – იმ ქვეყანაში, რომელშიც მისი მშობლები დაიბადნენ, მაგრამ მსგავსი ინიციატივა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საფრანგეთის მთავრობა ჩამოართმევს ქარიმს ქვეყნის მოქალაქეობას.

ამის შემდეგ, ჟურნალისტებმა ალჟირის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯამელ ბელმადის მიმართეს კითხვით – მზად არის თუ არა ის ბენზემას გუნდში ასაყვანად, რაზეც სპეციალისტმა უპასუხა:

„მე მყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან – ბაღდად ბუნეჯა, ისლამ სლიმანი, ანრი დელორი და ჰილელ სუდანი. მე კმაყოფილი ვარ იმ თავდამსხმელებით, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან“, – განაცხადა ბელმადიმ.

ალჟირი – აფრიკის ეროვნებათა თასის მოქმედი გამარჯვებულია.

ბენზემას 2015 წლიდან აღარ იწვევენ საფრანგეთის ნაკრებში, რადგან ის მონაწილეობდა ეროვნული გუნდის ერთ-ერთი წევრის მატიო ვალბუენას შანტაჟში.

დატოვე კომენტარი