ქალთა თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშე - „ეს პრიზი „ლანჩხუთის“ დამსახურებაა“
ქალთა თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშე - „ეს პრიზი „ლანჩხუთის“ დამსახურებაა“

ძალიან მომეწონა ჩემი გუნდის თამაში, ასევე „ნიკემ“ ძალიან კარგად ითამაშა და მიხარია, ასეთი ძლიერი მეტოქე რომ დავამარცხეთ, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან თამრიკო სალუქვაძე, რომელიც ქალ ფეხბურთელთა შორის საქართველოს თასის პირველი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

მისმა გუნდმა „ლანჩხუთმა“ მიხელ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი, თბილისის „ნიკე“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ანგარიში პირველივე შეტევით სწორედ თამრიკო სალუქვაძემ გახსნა – „ლანჩხუთის“ თავდამსხმელი მთელი შეხვედრის განმავლობაში მეტოქეს პრობლემებს უქმნიდა და ის საუკეთესოდ დამსახურებულად დაასახელეს.

„მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დამასახელეს, ეს „ლანჩხუთის“ გუნდის დამსახურებაა – მოთამაშეების, მწვრთნელების და გუნდის დამფუძნებლის, დურმიშხან ჩხაიძის. მე „ლანჩხუთით“ ვარ საუკეთესო ფეხბურთელი“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან თამრიკო სალუქვაძე.

„ლანჩხუთის“ მთავარი მწვრთნელი რევაზ კუკულაძე ამბობს, რომ თასი ფეხბურთელების მონდომების დაფასებაა.

„ჩემთვის ეს ძალიან ემოციური დღე იყო, რადგან „ნიკე“ ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც ევროპის ლიგაზე ითამაშა. ძალიან დიდი ხანი ვშრომობდით, ვვარჯიშობდით, ამ გუნდისთვის რომ მოგვეგო. თასი ამ შრომისა და ფეხბურთელების მონდომების დაფასებაა. მათ მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან დღეს საქართველოს თასი ქალთა შორის პირველად გათამაშდა და გუნდის წევრებმა მის მოსაპოვებლად ყველაფერი გააკეთეს“, – განაცხადა რევაზ კუკულაძემ.