ქალთა საფეხბურთო პირველობა განახლდა - ლიდერების მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ქალთა საფეხბურთო პირველობა განახლდა - ლიდერების მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ქალთა ლიგისა და ქალთა ლიგა 2-ის სეზონი განახლდა. მაგრამ დაგეგმილი 4 შეხვედრიდან, ერთი გადაიდო – ხობში „კოლხეთისა“ და „ლანჩხუთის“ მატჩი. დანარჩენი სამი კი, გორში, ბათუმსა და თბილისში ჩატარდა.

მატჩები პრინციპულ ხასიათს ატარებდა, რადგან რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტური რჩება. ტურნირის დებულებით, საქართველოს 2021 წლის ჩემპიონობისთვის პირველ ოთხ ადგილზე გასული გუნდები იბრძოლებენ. ბოლო ოთხ ადგილზე გასულები ქვედა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის მონაწილე გუნდს გაარკვევენ. ბოლო ადგილოსანი, მომავალი სეზონიდან ქალთა ლიგა 2-ში იასპარეზებს.

„ნორჩი დინამომ“, რომელიც ლიდერთა ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის, გასვლაზე „ბათუმი“ 3:0 დაამარცხა. ლიკა მანუჩარიშვილმა (3, 26) დუბლი გაიფორმა, ერთიც მარიამ მოდრეკილაძემ (90) გაიტანა.

ქვეყნის ორგზის ჩემპიონს, ქუთაისის „მართვეს“ 13 ტურის შემდეგ, მხოლოდ 1 თამაში აქვს მოგებული და 1 ფრედ დასრულებული. ამჯერად ქუთაისელები გორის „პარკი არენაზე“ „გორი იუნაიტედთან“ 1:2 დამარცხდნენ. მასპინძლებიდან თავი ელენე ენჯიბაძემ (8) და ანა პოღოსიანმა (90+4) გამოიჩინეს, სტუმრებიდან – მარიამ ხარგელიამ (31).

სფფ-ის ვარკეთილის ცენტრში „ნიკე“ და „კვარტალი“ ერთმანეთს, სათასო შეხვედრის შემდეგ, ჩემპიონატშიც დაუპირისპირდნენ. მაგრამ „ნიკე“ ამჯერად მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 1:1. 65-ე წუთზე „კვარტალი“ ლიზი კანკიამ დააწინაურა. 79-ე წუთზე ლელა ჭიჭინაძემ პენალტით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

13 ტურის შემდეგ, გათამაშებას „ლანჩხუთი“ 34 ქულით ლიდერობს. მეორეზე „კვარტალია“ (26), მესამეზე – „ნიკე“ (24). „ნორჩი დინამო“ (21) მე-5 საფეხურზეა და 2 ქულით ჩამორჩება ხობის „კოლხეთს“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს.

გათამაშება ქალთა ლიგა 2-შიც განახლდა. ხაშურში, ამბროლაურსა და მცხეთაში, მე-8 ტურის მატჩები გაიმართა.

ივერია 7:1 ქარიშხალა

რაჭა 2020 1:1 ფენიქსი

დიდგორი 2:2 ბახტრიონი

ქალთა ლიგა 2-ში ამ ტურის ერთი მატჩი გადაიდო და მოგვიანებით გაიმართება. გათამაშებას 8 ტურის შემდეგ 21 ქულით სოხუმის „დინამო“ ლიდერობს, რომელსაც კონკურენტ ხაშურის „ივერიასთან“ შედარებით, ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.

დატოვე კომენტარი