ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონატის შედეგებს არ აღიარებს - „ჩვენ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას ველოდებით“
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონატის შედეგებს არ აღიარებს - „ჩვენ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას ველოდებით“

მიმდინარე წლის 4 დეკემბერს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო დავების კომიტეტში ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ საპროტესტო განაცხადი განიხილეს.

ამასთან დაკავშირებით, „ლანჩხუთმა“ წერილი გამოაქვეყნა, სადაც კონკურენტის, ჩემპიონ „ნიკეს“ მიერ დებულების დარღვევაზე მიუთითებს.

„ამ განხილვის დროს, ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ „ნიკესა“ და „გორი იუნაიტედის“ მეორე წრის მატჩი გაიმართა პირველი წრის დასრულებამდე, 16 ივნისს, ხოლო ფედერაციის ვებგვერდზე მატჩის თარიღად 20 ივლისი დაიწერა. ამით „ნიკეს“ ფეხბურთელ პოღოსიანს მიეცა შესაძლებლობა, დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო ეს მატჩი გამოეტოვებინა და 2 ივლისს პირველი წრის გადატანილ მატჩში ქუთაისის „მართვესთან“ ეთამაშა. „ლანჩხუთის“ განაცხადში მყოფმა ფეხბურთელმა, თინათინ ჯიჯეიშვილმა ნამდვილად მიიღო მონაწილეობა „ნიკეს“ სამ თამაშში. დებულების თანახმად მას ამის უფლება არ ჰქონდა. პირველი წრის მატჩში ქუთაისის „მართვესთან“ „ნიკეში“ ითამაშა ანა ზაქაიძემ, რომელსაც პირველ წრეში „გორი იუნაიტედის“ შემადგენლობაში თამაშები ჩატარებული უკვე ჰქონდა“ – წერია „ლანჩხუთის“ განცხადებაში.

კლუბი ჩემპიონატის შედეგების გადახედვას ითხოვს: „ამით დასტურდება ყველა ის დაღვევა, რის შესახებაც ჩვენ უკვე თვეებია ვსაუბრობთ. შესაბამისად ჩვენ არ ვაღიარებთ 2018 წლის ჩემპიონატის შედეგებს და ველოდებით სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას ჩვენი შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯების განსახორციელებლად“.

ლანჩხუთელთა ხელმძღვანელობა არც წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე დასწრებას აპირებს: „ამ შეხვედრას კლუბებთან ქალთა ფეხბურთის ფედერაცია ატარებს. ჩვენთვის გაუგებარია, რისი შეჯამება უნდა მოხდეს, როდესაც სახეზეა უამრავი უხეში დარღვევა, სადისციპლინო კომიტეტი კი საკითხებს ჯერ კიდევ განიხილავს. შესაბამისად, ჩვენ ამ გაუგებარ ღონისძიებაში მონაწილეობას არ ვიღებთ“.

წერილის ბოლოს ქალთა საფეხბურთო კლუბის, „ლანჩხუთის“ თავკაცებმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მიმართეს: „ბატონო ლევან! უპირველესად, წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერის საპატიო წოდების მოპოვებას გილოცავთ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ სრულად შეძლებთ შესანიშნავი მენეჯერული უნარების გამოყენებას და უზრუნველყოფთ შექმნილი ვითარებიდან ისეთი სამართლიანი გამოსავლის მოძებნას, რომლითაც ქართული ფეხბურთი არ დაზიანდება“.