ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი – იმედი გვაქვს, საკვალიფიკაციო ეტაპს დადებითად დავასრულებთ #1TVSPORT

14:27, 01.06.2026

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებული შეხვედრებისთვის მზადებაზე ისაუბრა.

5 ივნისს, ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, ხოლო 9 ივნისს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საბერძნეთთან „მიხეილ მესხი 2-ზე“ გამართავს.

„გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ჩვენი მიზანი ორივე მატჩის მოგებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მუდმივად ჩვენ გვერდით იდგნენ, ამ თამაშებზეც დაგვიჭირონ მხარი. დარწმუნებული ვარ, ეს დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს გუნდზე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.

ფარერის კუნძულებზე რთული შეხვედრა გვქონდა, თუმცა ვინც ის მატჩი ნახა, დამეთანხმება, რომ გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა. მჯერა, საკუთარ მოედანზე ფეხბურთელები კიდევ უფრო მეტად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. თუ გარკვეულ დეტალებს გამოვასწორებთ და იმ კომპონენტებს დავამატებთ, რაც წინა შეხვედრაში დაგვაკლდა, ვფიქრობ, გამარჯვების მიღწევა შეგვიძლია.

რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, ვიცით, რომ ძალიან ძლიერი მეტოქეა. მიუხედავად ამისა, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით და სრული კონცენტრაციით, იმედი გვაქვს, სასურველ შედეგს მივაღწევთ და საკვალიფიკაციო ეტაპს დადებითად დავასრულებთ“, – ამბობს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

მატჩების განრიგი

5 ივნისი, დავით პეტრიაშვილი არენა

17:30 საქართველო – ფარერის კუნძულები

9 ივნისი, მიხეილ მესხი 2

21:00 საქართველო – საბერძნეთი

მსგავსი