ქალთა ლიგის სიახლეები - „ბათუმი“ გავარდა, ქუთაისელებმა პლეი აუტის ზონა დატოვეს, „ლანჩხუთმა“ ისევ მოიგო #1TVSPORT
ქალთა ლიგის სიახლეები - „ბათუმი“ გავარდა, ქუთაისელებმა პლეი აუტის ზონა დატოვეს, „ლანჩხუთმა“ ისევ მოიგო #1TVSPORT

გაიმართა ქალთა საფეხბურთო ლიგის ზედა და ქვედა ჯგუფების მორიგი ტური. ქვედა ჯგუფში „ბათუმმა“ ლიდერს, „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა, 0:2 დამარცხდა და მომავალი სეზონიდან ქალთა ლიგა 2-ში ითამაშებს. ქუთაისის „მართვემ“ „გორი იუნაიტედი“ 5:3 დაამარცხა და ვითარება სასიკეთოდ შეცვალა. ორივე კლუბებს 13-13 ქულა აქვთ, უკეთესი ბურთების შეფარდებით კი, პლეი აუტის ზონა „მართვემ“ დატოვა.

ზედა ჯგუფში, შეხვედრები თბილისსა და ხობში ჩატარდა. თბილისში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში „ნიკე“ „ლანჩხუთს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ 31-ე წუთზე ლელა ჭიჭინაძის გოლით დაწინაურდა, მაინც დამარცხდა. ლანჩხუთელებმა, რომლებიც რამდენიმე წამყვანი მოთამაშის, მარიამ დანელიას, ნინო ჩხარტიშვილისა და თეონა ბაქრაძის გარეშე თამაშობდნენ, მატჩის მიწურულს თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. 81-ე და 85-ე წუთებზე, მარიამ კალანდაძემ დუბლი შეასრულა და „ნიკეს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა წაართვა. „ლანჩხუთმა“ 2:1 გაიმარჯვა და ქალთა ლიგის 2021 წლის გათამაშების დარჩენილ ტურს, მშვიდად ჩაატარებს.

ხობში „კოლხეთი“ თბილისის „კვარტალს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა, თანაბარ ბრძოლაში, ძირითადად, მინდვრის ცენტრში მიმდინარეობდა, გუნდებმა მეტოქეთა კარის აღება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ, ფრე – 0:0.