ქალთა ლიგაში 7 აგვისტომდე შესვენება გამოცხადდა #1TVSPORT
ქალთა ლიგაში 7 აგვისტომდე შესვენება გამოცხადდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ლიგის მე-12 ტურში ლიდერებმა დამაჯერებლად ითამაშეს და 3-3 ქულის მოპოვება მოახერხეს.

მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს ხობის „კოლხეთი“, რომელმაც სტუმრად „ბათუმი“  7:1 დაამარცხა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა. ხობელებიდან ანა წულაიამ (20, 31.პ) და ნატა კვირკაიამ (83, 90) დუბლი შეასრულეს, თითო-თითო გოლი თამუნა თავდიშვილის (10), მეგი გოცირიძის (42) და სალომე თოდუას (50) ანგარიშზეა. ბათუმელებიდან  პრესტიჟის გოლი ნინა ბერიძემ 75-ე წუთზე გაიტანა.

ქუთაისში „მართვე“ მოქმედ ჩემპიონ თბილისის „ნიკესთან“ 1:5 დამარცხდა. ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლელა ჭიჭინაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთი გოლი აზერბაიჯანელი ლეგიონერის, ჯოშგუნა ალიევას ანგარიშზეა, ერთიც ქუთაისელებმა საკუთარ კარში გაიტანეს. მასპინძლებიდან თავი 66-ე წუთზე, ანა ჯანელიძემ გამოიჩინა.

თბილისში, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „ნორჩი დინამო“ მეორეადგილოსან  „კვარტალს“ დაუპირისპირდა და თბილისური დერბი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.

ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, „ლანჩხუთმა“ იოლად მოუგო „გორი იუნაიტედს“ – 10:2. თუმცა, ანგარიში 35-ე წუთზე, გორელთა დებიუტანტმა, ანა პოღოსიანმა გახსნა. მათგან შეხვედრის მიწურულს მორიგი გოლი ეთერ სულაშვილმა ჩაიწერა აქტივში. მასპინძლებიდან ხატია ჭყონიამ ხუთი გოლი გაიტანა (11, 24, 36, 44, 48), შეცვლაზე შესულმა თეონა ბაქრაძემ 6-წუთიან მონაკვეთში (72, 73, 78) ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო ქრისტინა ბაკარნაძემ – (31, 62) დუბლი გაიფორმა.

12 ტურის შემდეგ, „ლანჩხუთს“ 34 ქულა აქვს და 9 ქულით უსწრებს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „კვარტალს“. საქართველოს ქალთა ლიგის მე-12 ტურის შემდეგ, გათამაშებაში, 7 აგვისტომდე შესვენება გამოცხადდა. თუმცა, 3 ივლისიდან საქართველოს თასის 2021 წლის გათამაშება დაიწყება.