ქალთა ლიგა 2-ში ხაშურის „ივერია“ და სოხუმის „დინამო“ გალიდერდნენ #1TVSPORT
ქალთა ლიგა 2-ში ხაშურის „ივერია“ და სოხუმის „დინამო“ გალიდერდნენ #1TVSPORT

ქალთა ლიგა 2-ის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ამბროლაურში, ქალთა ჩემპიონატების დებიუტანტი „რაჭა 2020“ ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე სოხუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 1:10 დამარცხდა.

საინტერესო გამოდგა თამაში ახმეტაში – „ბახტრიონმა“ საჩხერის „ქარიშხალა“ მიიღო და 3:2 მოიგო. გამარჯვებულებიდან გოლები თათია სალუქაურმა, დიანა ბაქრაძემ და მარიამ ცისკარიშვილმა გაიტანეს – საჩხერელებიდან მეტოქის კარი თინათინ ცარციძემ და ნინო ცარციძემ აიღეს.

მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება ჩაიწერა ხაშურის „ივერიამ“, რომელმაც ზუგდიდის „ფენიქსი“ 7:2 დაამარცხა. პენტატრიკი (ხუთი გოლი) ნინო ბუხრიკიძემ შეასრულა, დუბლი – ირმა ლომიძემ, ქალთა ლიგა 2-ის დებიუტანტი ზუგდიდის გუნდიდან კი გოლები გვანცა ქუხილავას და ელენე თოდუას ანგარიშზეა.

ტურის მეოთხე შეხვედრა მცხეთის „დიდგორსა“ და „ზარზმას“ შორის მუხრანის ცენტრალურ სტადიონზე უნდა გამართულიყო, მაგრამ 26 მაისისთვის გადაიდო.

ორი ტურის შემდეგ გათამაშებას ორი ლიდერი ჰყავს – „ივერიამ“ და სოხუმის „დინამომ“ 6-6 ქულა დააგროვეს. ორი ტურის შემდეგ, 10 გატანილი გოლით ბომბარდირთა სიას სათავეში ნინო ბუხრიკიძე ჩაუდგა.