ქალთა ფეხბურთი | ირის ანტმანი - თუ ფეხბურთელები დავალებებს შეასრულებენ, შანსი აუცილებლად გვექნება - საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
3 მარტს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს – ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი საბერძნეთს სტუმრად დაუპირისპირდება.
ქართველმა ფეხბურთელებმა ჰერაკლიონში მატჩის მასპინძელ „თეოდოროს ვარდინოგიანის სთედიუმზე“ ივარჯიშეს. საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
„ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
„საბერძნეთში პირველ მარტს შევიკრიბეთ და, ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, ნაყოფიერად ვივარჯიშეთ. შეხვედრას მოუთმენლად ველით, ვიცით, რომ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ რთული მატჩი გველის – საბერძნეთის ნანკრები ჯგუფის ფავორიტად მიიჩნევა.
თუმცა ჩვენ თუ ყველაფერს გეგმის მიხედვით გავაკეთებთ და დავალებებს შევასრულებთ, გოლის გატანის შანსი აუცილებლად გვექნება, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. მჯერა ჩემი ფეხბურთელების — მოტივირებულები არიან და თავიანთ საქმეს გააკეთებენ“, – განაცხადა ირის ანტმანმა.