ქალთა ფეხბურთი | ირის ანტმანი - საბერძნეთის ძლიერ ნაკრებთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევა #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთთან გასამართი მატჩისთვის სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, „ბასას“ მოედანზე ემზადება.
ტრავმირებული ანი აკობიძის ნაცვლად, რომელიც ნაკრებს საბერძნეთთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება, გუნდს ანანო წიქარიძე შეუერთდა. C4 ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრა საბერძნეთსა და საქართველოს შორის 3 მარტს ჰერაკლიონში გაიმართება.
გუნდის მზადების შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა გააკეთა:
„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოვამზადოთ ფეხბურთელები, რათა ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს კარგ ფორმაში შევხვდეთ. ვიმუშავეთ როგორც ფიზიკურ, ისე ტაქტიკურ კომპონენტებზე, ვინაიდან საბერძნეთთან შეხვედრაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ტაქტიკური დისციპლინის დაცვას.
საბერძნეთის ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელიც გამოცდილი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. მათთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა წარმატებას ერთხელ უკვე მივაღწიეთ და ამის გაკეთება კიდევ შეგვიძლია.
პირველი შეკრება იანვარში გავიარეთ, რომლის ორგანიზებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა. გუნდების უმრავლესობამ ვარჯიში თებერვალში განაახლა, ამიტომ ნაკრების ფეხბურთელებისთვის მზადების ადრე დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს ირის ანტმანი.