ქალთა ფეხბურთი - ჰოლანდია მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ფინალისტია (ვიდეო)

ქალებს შორის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ფინალისტი ჰოლანდიის ნაკრები გახდა. მან ლიონში გამართულ ნახევარფინალში ანგარიშით 1:0 მოუგო შვედეთის ნაკრებს.

ძირითადი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა. დამატებით დროში ჰოლანდიელებს გამარჯვება 99-ე წუთზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ჯეკი გრუნენმა მოუტანა.

ჰოლანდია, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია, მხოლოდ მეორედ თამაშობს მსოფლიო ჩემპიონატზე. მისი სადებიუტო გამოსვლა 2015 წელს მერვედფინალში დასრულდა.

ქალებში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი შვიდ ივლისს ლიონში გაიმართება – აშშ ჰოლანდიის წინააღმდეგ. მესამე ადგილისთვის ითამაშებენ შვედეთი და ინგლისი.