ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრებმა გასვლით მატჩში ანდორა დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე მორიგი მატჩი ანდორასთან სტუმრად გამართა და 10 მოთამაშით დარჩენილმა 2:1 მოიგო.
მეხუთე ტურის შეხვედრაში ირის ანტმანის გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ბომბარდირი და ერთ-ერთი ლიდერი თეონა ბაქრაძე გამოაკლდა – შეტევის ლიდერის და ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის არყოფნა დიდი დანაკლისი იყო.
ამის მიუხედავად, ახალაშენებულ „ესტადიო ენკამპზე“ გამართული პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო და მე-12 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა – ლიზი მწყერაშვილის გადაცემით ბურთი თინათინ ამბალიამ გაიტანა.
მე-17 წუთზე მასპინძლებმა საქართველოს ნაკრების დაცვის შეცდომით ისარგებლეს და კარლა ბერიმ წონასწორობა აღადგინა.
28-ე წუთზე მოედნის ცენტრთან საქართველოს ნაკრებმა ჯარიმის უფლება მოიპოვა, ლიზი მწყერაშვილმა ბურთი კარისკენ გაუშვა, ანდორელთა მეკარემ და მცველებმა შეუთანხმებლად იმოქმედეს და ქართველი ფეხბურთელები დაწინაურდნენ.
52-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის მსაჯმა ჩვენი გამოცდილი მოთამაშე ნინო პასიკაშვილი გააძევა. 10 მოთამაშით დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე დაიწყო ზრუნვა და კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშს. ანდორელებმა რეალური საგოლე მომენტები შექმნეს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველოს ნაკრები 5 ტურის შემდეგ ერთა ლიგის C დივიზიონში მესამე ადგილზეა, ბოლო შეხვედრას კი კვიპროსთან 3 ივნისს თბილისში გამართავს და მეორე ადგილისთვის იბრძოლებს.