ქალთა ეროვნული ნაკრების მარცხი - ბაჯელიძე ამხანაგურებს კიდევ გეგმავს
ქალთა ეროვნული ნაკრების მარცხი - ბაჯელიძე ამხანაგურებს კიდევ გეგმავს

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ტექნიკურ ცენტრ „ბასაში“ თურქეთთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და 0:2 დამარცხდა.

ლევან ბაჯელიძემ შეკრებაზე 20 ფეხბურთელი გამოიძახა და გუნდის მზადება 2 ნოემბრიდან დაიწყო. ქალთა ნაკრები დიდი პაუზის შემდეგ შეიკრიბა და 2019 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთის მზადება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შეკრებაზეა ნორვეგიაში მოთამაშე ეროვნული ნაკრების წევრი ტატა მატვეევა, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა.

ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს. თურქებმა მეორე ტაიმში უპირატესობა მოიპოვეს და 67-ე და 89-ე წუთზე გატანილი გოლებით 2:0 გაიმარჯვეს. გუნდები ერთმანეთს მეორედაც დაუპირისპირდებიან – მატჩი 11 ნოემბერს კვლავ „ბასაში“ გაიმართება.

„საწყენია, რომ თამაში წავაგეთ, მაგრამ დღეს უშანსოდ არ ვყოფილვართ. თურქეთი ძლიერი მეტოქეა და მასთან მიღებული გამოცდილება შესარჩევი ციკლისთვის გამოგვადგება“ – ამბობს პირველ არხთან საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ნინო პასიკაშვილი.

პირველ არხთან კომენტარი საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემაც გააკეთა.

„შესარჩევ ციკლში ჩვენ ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს და ასეთი სოლიდური ნაკრები საგანგებოდ შევარჩიეთ. ამ შეხვედრის ანალიზს გავაკათებთ და შევეცდებით, შეცდომები შემდეგ შეხვედრაში გამოვასწოროთ. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ჩვენი გუნდი კიდევ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს“, – განაცხადა ბაჯელიძემ.